ნათია მეზვრიშვილი - კომისიის შექმნაზე უარი ნიშნავს, რომ არ არსებობს მოსამართლეთა კორუფციული დანაშაულისა და ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულში ხელისუფლების მონაწილეობის გამოკვლევის/გამოძიების პოლიტიკური ნება
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გულისხმობს საგამოძიებო უწყების ჩანაცვლებას. კომისიას და საგამოძიებო უწყებას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზნები აქვთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კომისიის შექმნის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა არსებობს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მხრიდან კანონის დარღვევაზე და სახელმწიფო (საგამოძიებო) უწყებები სათანადოდ არ რეაგირებენ.
" ამ შემთხვევაში, კომისიის შექმნის მიზანია, კანონის დარღვევის ფაქტის გამოკვლევა შესაბამისი რეაგირების (გამოძიების ან დევნის დაწყების) მიზნით. კომისიას არ აქვს არც გამოძიების და არც დევნის დაწყების უფლება. შესაბამისად, გამოკვლევის შედეგები რეაგირებისთვის უნდა გააგზავნოს სათანადო უწყებაში.
- ისმის კითხვა - მაშინ რა საჭიროა კომისია? საჭიროა იმისთვის, რომ ხალხმა, მის მიერ არჩეული პარლამენტის მეშვეობით, განახორციელოს იმ ხელისუფლების კონტროლი, რომელიც უარს ამბობს დანაშაულზე რეაგირებაზე ან არასათანადოდ რეაგირებს.
- შესაბამისად, კომისია შეიძლება შეიქმნას მაშინაც, როცა დანაშაულის ფაქტზე გამოძიება ფაქტობრივად მიმდინარეობს და მაშინაც, როცა საგამოძიებო უწყება გამოძიებას არ იწყებს. ამის ნათელი მაგალითია უახლოესი წარსულიდან ხორავას საქმე (სადაც კომისია შეიქმნა მიუხედავად იმისა, რომ შსს გამოძიებას აწარმოებდა) და დღეს უკვე სანქცირებული მოსამართლეების შესაძლო კორუფციის საქმე (რაზეც პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს) და ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე (რაზეც პროკურატურა არასათანადო გამოძიებას აწარმოებს).
- კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს 30 დეპუტატს და შესაქმნელად აუცილებელია 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
- კომისიას უფლება აქვს სხდომაზე ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს (მათ შორის მოსამართლეს), ინფორმაცია გამოითხოვოს ნებისმიერი სახელმწიფო (მათ შორის საგამოძიებო) ორგანოდან, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის მასალები (როგორც ეს მოითხოვა ხორავას საქმეზე, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პროცესია) და ა.შ. სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
- კომისიის შექმნაზე უარი ნიშნავს, რომ არ არსებობს მოსამართლეთა კორუფციული დანაშაულისა და ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულში ხელისუფლების მონაწილეობის გამოკვლევის/გამოძიების პოლიტიკური ნება.", წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.