პოდოლიაკი კრემლზე დრონებით თავდამსხმელების 2 შესაძლო ვერსიას ასახელებს
მიხაილ პოდოლიაკის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, განცხადებით, თავდასხმა კრემლზე, რომელშიც მოსკოვი უკრაინას სდებს ბრალს, სავარაუდოდ „წინააღმდეგობის ადგილობრივმა ძალებმა“ მოაწყვეს.
„რუსეთი, ეტყობა, ამზადებს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. ამიტომაც ჯერ ყირიმში აკავებს ვითომ დივერსანტების დიდ ჯგუფს. შემდეგ კრემლის თავზე დრონებს დემონსტრირებს“, – ციტირებს მას „უნიანი“.
პოდოლიაკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, უკრაინისთვის მსგავსი თავდასხმები „არანაირ სამხედრო ამოცანას არ ხსნის“, რუსეთს კი უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის გამართლების საფუძველს აძლევს.
- გირჩევთ: თავდასხმა კრემლზე? – რა (არ) ვიცით
„ინტერესით ვაკვირდებით რუსეთის სხვადასხვა კუთხეში მომხდარი კაზუსებისა და ექსცესების [რიცხვის] ზრდას. კრემლის ტერიტორიაზე ან ენერგეტიკულ ობიექტებზე უცნობი დრონების გამოჩენა შეიძლება მოწმობდეს მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების იატაკქვეშა მუშაობაზე. როგორც ცნობილია, დრონების ყიდვა ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაშია შესაძლებელი“, – ამბობს პოდოლიაკი.
იგი არც იმას გამორიცხავს, რომ თავდასხმა თავად რუსეთმა მოაწყო:
„ეჭვგარეშეა, რუსეთს ძალიან ეშინია ფრონტის ხაზზე უკრაინის შემტევი ქმედებების დაწყების და ნებისმიერი ხერხით ცდილობს მოიპოვოს ინიციატივა, გადაიტანოს ყურადღება, შექმნას კატასტროფული საინფორმაციო მიზეზები“.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.