რუსული Wildberries საქართველოში შემოსვლას განიხილავს - რას წარმოადგენს სანქცირებული ტატიანა ბაკალჩუკის კომპანია
სანქცირებული რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრე Wildberries საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავს. ამასთან, კომპანია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლასაც აპირებს. ამის შესახებ Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანია მისთვის ახალი ქვეყნების ბაზარზე და ზოგადად, დსთ-ში გაფართოებას გეგმავს. მით უმეტეს, როგორც ბაკალჩუკი ამბობს, „ზოგიერთი ქვეყანა რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის მდებარეობს, სადაც Wildberries უკვე ოპერირებს.“ სწორედ ასეთ შუა რგოლებად განიხილავს ბაკალჩუკი საქართველოს, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს, თუმცა ამ ქვეყნებში შესვლის კონკრეტულ ვადებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
ამ დროისთვის Wildberries რუსეთის გარდა, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, ისრაელსა და უზბეკეთში ოპერირებს.
აღსანიშნავია, რომ ტატიანა ბაკალჩუკი გასული წლის ოქტომბერში უკრაინამ სანქცირებული 256 რუსი ბიზნესმენისა და მათი ოჯახის წევრების სიაში შეიყვანა. ასევე, 2022 წლის აპრილში პოლონეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 50 სუბიექტი, მათ შორის 35 კომპანია და 15 ფიზიკური პირი შეიყვანა. სიაში არის Wildberries და ტატიანა ბაკალჩუკიც. პოლონური სანქციები ამ კომპანიის ფინანსური აქტივებისა და ქონების გაყინვას ითვალისწინებს, ასევე, ტენდერებში მის მონაწილეობას გამორიცხვას, თავად ბაკალჩუკს კი პოლონეთში შესვლა აეკრძალა.
ტატიანა ბაკალჩუკი „პარალელური იმპორტის“ ერთ-ერთი ინიციატორი და ამ იმპორტში წამყვანი ონლაინ კომპანიაა. გასული წლის მარტში, დასანქცირებამდე რამდენიმე დღით ადრე ბაკალჩუკი ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა, რა დროსაც „პარალელური იმპორტის“ ლეგალიზების საკითხი განიხილეს. კერძოდ, ბაკალჩუკი მაშინ აცხადებდა, რომ „პარალელური იმპორტი“ მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემდა, ქვეყანაში უცხოური საქონელი, დამატებითი ნებართვის გარეშე ლეგალურად შეეტანა და მომხმარებელი საქონლის ფართო ასორტიმენტზე მიიღებდა წვდომას.
„ეს იქნება მაღალი ხარისხი გონივრულ ფასებში,“ - ამბობდა Wildberries-ის აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც ჩანს, „პარალელური იმპორტი“ ბაკალჩუკისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა, რადგან უკრაინის ომის დაწყებიდან ის ქონებას კატასტროფულად კარგავდა. კერძოდ, თუ 2022 წლის მარტამდე Wildberries-ის ოფისები 18 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ჰქონდა, სანქციების შემდეგ, ანუ იმავე წლის ზაფხულისთვის ქვეყნების სია ექვსამდე შემცირდა და კომპანიას ყაზახეთის, ბელარუსის, სომხეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ისრაელის ბაზრები დარჩა. ტატიანამ Forbes-2022-ის ყველაზე გაღარიბებული რუსი მილიარდერების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. მან 8.3 მლრდ დოლარი დაკარგა და ოდნავ ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ „სევერსტალის“ დამფუძნებელ ალექსეი მორდაშოვს, რომელმაც უკრაინის ომის წლისთავზე 11 მლრდ დოლარით იზარალა. ზარალის შემდეგ ბაკალჩუკის დარჩენილ ქონებას Forbes ორჯერ ნაკლებად, 4,7 მლრდ დოლარად აფასებდა.
თუმცა Forbes-2023 წლის რეიტნგში 47 წლის ტატიანა ბაკალჩუკი ახლა უკვე 8,8 მლრდ დოლარით მე-17 ადგილზეა, მაშინ, როცა წინა წელს 39-ე პოზიციას იკავებდა. ჟურნალის მონაცემებით, გასულ წელს Wildberries-ის შეკვეთების რაოდენობამ საიტზე 1,5 მილიარდს მიაღწია და დღეში ვებგვერდი, დაახლოებით, 7 მილიონ შეკვეთას ამუშავებს. 2022 წელს, „პარალელური იმპორტის“ ლეგალიზების შემდეგ Wildberries-ის ბრუნვა, თითქმის, გაორმაგდა და 1,669 ტრლნ რუბლს (20,7 მლრდ დოლარს) მიაღწია.
ბაკარჩუკმა ეს ბიზნესი ჯერ კიდევ 2004 წელს, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობის დროს წამოიწყო. ბავშვის გაჩენის შემდეგ, დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა ტატიანამ გერმანული კატალოგებით, Otto-თი და Quelle-ით ტანსაცმლის გაყიდვა და ამით დამატებითი შემოსავლის შოვნა გადაწყვიტა. მალე მეუღლესთან, ვლადისლავთან ერთად ინტერნეტ-მაღაზია, Wildberries გახსნა და პირველ ეტაპზე ამანათებს შემკვეთების მისამართზე თავად არიგებდა. 2019 წლის აგვისტოში Wildberries-მა რუსეთში 5000-ე გამცემი პუნქტი გახსნა. 2021 წლის დასაწყისში ტატიანა ბაკალჩუკი პატარა ბანკის, „სტანდარტ-კრედიტის“ მფლობელი გახდა, რომელსაც 2022 წელს „Wildberry Bank“-ით შეუცვალა სახელი. მან Wildberries-ზე წარმოდგენილი საქონლის 2%-იანი ფასდაკლებით შესყიდვისთვის ვირტუალური სადებეტო WB-ბარათის გაცემა დაიწყო.
2022 წელს, ზედიზედ მეორედ, Forbes-ის 20 ყველაზე მდიდარი self-made რუსი ქალის რეიტინგში ტატიანა ბაკალჩუკმა პირველი ადგილი დაიკავა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.