პრეზიდენტი - ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა - თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მოქნილობას და ცოდნას
მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქვეყანაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს,როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა, ეს დღე არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური ცერემონიალური თუ პათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე. ეს დღე ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში. ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში. მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს. ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ. პირველ რიგში, თავდაცვა კლასიკურად ნიშნავს ჩვენი საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას, ეს არ არის მარტივი მოვალეობა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ივიწყებს დამოუკიდებლობის ბრძოლაში ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლებს.
„დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩვენს ვეტერანებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას. თავდაცვის ძალების როლი მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად, გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.