ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი სამხედროები სიმთვრალის გამო მიწისქვეშა საპატიმროებში ხვდებიან
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედრო მეთაურებმა, როგორც ჩანს, დაიწყეს დისციპლინური დარღვევებისთვის ხელქვეითების დასჯა და განთავსება ე.წ. ზინდანში, რაც წარმოადგენს მიწაში გათხრილ იმპროვიზირებულ საკანს, დახურულს რკინის ბადით.
30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო პერსონალისგან მიღებული მრავალი ცნობის თანახმად, რუსი სამხედროების „ზინდანებში“ განთავსება ძირითადად ხდება სიმთვრალისა და კონტრაქტების გაწყვეტის მცდელობების გამო.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობებით, თუკი ომის დასაწყისში რუსი სამხედრო მეთაურები შედარებით ლოიალურად ეკიდებოდნენ სამხედროების ნებას - არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლებში და მათ თავისუფლად უშვებდნენ შინ; ვითარება დაიძაბა 2022 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში, დისციპლინის ამაღლების მოტივით, რამდენიმე „დრაკონული ინიციატივა“ დაამტკიცეს.
„[ეს ტენდენცია გაძლიერდა] განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალი რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი გახდა“, - წერია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარინკის რაიონში რუსი სამხედროები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ბრძოლაში ჩართვაზე.
ВВС-ის ცნობით, რუსეთში ტერმინი „ზინდანი“ ფართოდ გამოიყენებოდა 1990-იანი წლებიდან, ჩეჩნეთში მიმდინარე ომების დროს.
"ზინდანს" მიწისქვეშა საპატიმროს, ციხეს უწოდებენ, რომელიც, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ კავკასიაში, ავღანეთში, პაკისტრანსა და ირანში.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.