ნათია მეზვრიშვილი - 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო
10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. რა უნდა გვახსოვდეს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის?, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ.
"1. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე პრემიერმა და მეორე ტურის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ გაიმარჯვებდა, ოპოზიციას მაინც არ მისცემდნენ მართვის შესაძლებლობას და იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა, „ნებისმიერ ფასად“ დაიბრუნებდნენ უმრავლესობას.
2. არჩევნების დასრულებისთანავე პირობა შეასრულეს:
- საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც მათ შორის ოპოზიციას უნდა დაემტკიცებინა, 2017 წელს არჩეულ ერთპარტიულ საკრებულოს დაამტკიცებინეს. ოთხი წლის ვადით არჩეულმა საკრებულომ, მეხუთე წლის ბიუჯეტი დაამტკიცა;
- ოპოზიციურ საკრებულოებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ზოგს დაემუქრნენ, ზოგი მოისყიდეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გაიტაცეს, ზოგი ზეწოლის შედეგად გაუჩინარდა;
- ოპოზიციურ საკრებულოებში გამოაცხადეს ბოიკოტი (ზუსტად ისე, როგორც ახლა საგამოძიებო კომისიებს უცხადებენ), რასაც თავად „პროცედურული ომი“ უწოდეს და საკრებულოს საქმიანობის პარალიზება მოახდინეს;
- დააინიცირეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მხოლოდ ბათუმის საკრებულოში ოცნების ინტერესს მოარგეს - გააუქმეს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული ოცნების წევრის უფლებამოსილების ცნობის ვალდებულება საკრებულოს მიერ, რათა პროცესში ოპოზიციას არ მიეღო მონაწილეობა; ოპოზიციის და უფლებადამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, ეს ცვლილება მოგვიანებით სენაკზეც გაავრცელეს, მაგრამ სენაკში ახალი „გამოსავალი“ მოძებნეს და ოპოზიციის წარმომადგენელი კრიმინალების ჩართულობით გააქრეს.
3. ამგვარი უკანონო მეთოდებით დაიბრუნეს უმრავლესობა ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში.
4. ამ უკანონო პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა:
- ცესკო, რომელმაც ჯერ ახალი საკრებულოების უფლებამოსილების ცნობა გააჭიანურა, ხოლო შემდეგ სენაკში ხელახალი მთლიანი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შუალედური არჩევნები დანიშნა;
- სასამართლო - რომელმაც ჯერ ოცნების სასარგებლოდ ბათილად ცნო სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა (რომლითაც რეალურად ოპოზიციამ კრიზისი დაასრულა სენაკში) და შემდეგ უარი თქვა სენაკში შუალედური არჩევნების უკანონოდ დანიშვნის შესახებ ცესკოს განკარგულების გაუქმებაზე;
- სამართალდამცავი ორგანოები, რომლებმაც არც ერთი დანაშაული (მოსყიდვა, მუქარა, ზეწოლა და ა.შ) არათუ არ გამოიძიეს, გამოძიებაც არ დაიწყეს.
5. 2024 წლის არჩევნები არის დემორკატიული პოლიტიკური ცვლილების ერთადერთი ინსტრუმენტი. გადამწყვეტია ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. შესაბამისად, გადამწყვეტია ამ მიზნით:
- ცესკოს დამოუკიდებლობა;
- კორუფციის (განსაკუთრებით ელიტური/პოლიტიკური კორუფციის) აღმოფხვრა;
- სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობა;
- ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიმართ ნდობა;
- სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა.
6. როგორია ამ მხრივ რეალობა?
- ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს თითქმის ერთი წელია ვადა გაუვიდათ და ხელისუფლება აჭიანურებს მათი არჩევის პროცესს - ანუ გვყავს თავმჯდომარე, რომელსაც არ აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის ლეგიტიმაცია;
- ხელისუფლებას არ შეუქმნია რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც კორუფციის (მათ შორის საარჩევნო მოსყიდვის) ფაქტებს გამოიძიებს;
- ხელისუფლებას არ დაუწყია სასამართლოს რეფორმა მთავარი აქცენტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოზე (როგორც უკანონო ძალაუფლების ცენტრზე); კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები სისტემიდან არათუ არ მიდიან, ხელისუფლება სანქცირებულ მოსამართლეებს იცავს;
- ხელისუფლებას არ დაუწყია/გაჩერებული აქვს სამართალდამცავი სისტემის რეფორმა - მთავარი აქცენტით დამოუკიდებლობაზე და ხარისხზე;
- ხელისუფლება ცდილობს დაასუსტოს ნდობა ადგილობრივი სადამკვირებლო მისიების მიმართ;
- ხელისუფლებამ დააინიცირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რითაც მიზანში ამოიღო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო და მათი დამფინანსებელი ორგანიზაციები, მათ გარეშე არჩევნების ჩატარების მიზნით;
- ხელისუფლებამ (და ოპოზიციის ნაწილმა) გაუმჭვირვალე პროცესით აირჩია სახალხო დამცველი, რომელსაც დამოუკიდებლობის ტესტი ჯერ არ ჩაუბარებია;
- გაუქმებულია სამართალდამცავების და სხვა მოხელეთა დანაშაულის აღმკვეთი დამოუკიდებელი ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის უფლებამონაცვლეს ჯერ არ ჩაუბარებია დამოუკიდებლობის ტესტი;
- ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების და დემოკარტიის გადარჩენის მნიშნელოვან გარანტიებს ქვეყანაში.
7. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რა მიზნები აქვს ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებზე და რისთვის ინარჩუნებს უკანონო კონტროლის ქვეშ „არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტებს“. 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო. დაიწყო მაშინ, როცა:
- უარი თქვა რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე (საგამოძიებო ფუნქციით) ელიტური/პოლიტიკური კორუფციის აღმოსაფხვრელად;
- უარი თქვა სასამართლოს და სამართალდამცავი სისტემის დამოუკიდებლობაზე და მოგვიანებით კორუფციისთვის სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა;
- დაიწყო ადგილობრივი სადამკვირებლო მისიებისადმი ნდობის დასუსტება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაფინანსებაში გადამწყვეტი როლის მქონე ორგანიზაციებზე (მაგ.: USAID-ზე) თავდასხმა;
- დააინიცირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი;
- აირჩია სახალხო დამცველი, რომლის დამოუკიდებლობის მიმათ სერიოზული კითხვებია;
- უარი თქვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნაზე.
8. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.