ევროპის სოციალისტური პარტია „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვას განიხილავს
ევროპის სოციალისტური პარტია(PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს.
„ქართული ოცნების“ შესახებ PES-ის ლიდერებმა გუშინ, 28 აპრილს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს.
კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა და „ქართული ოცნების“ ქმედებებით. „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთებას იწვევს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია(CPAC), რომელშიც მონაწილეობასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილიც მიიღებს.
„თუ PES-ის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან პრემიერ-მინისტრს სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და ამერიკელ კონსერვატიულ კონფერენციასთან, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, – განაცხადა PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა.
ამასთან, ევროპის სოციალისტური პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელთა წევრობასთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის სტეფან ლოფვენმის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას აპირებდა.
PES-ის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში განიხილავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.
„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი კონფერენცია ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.