პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი იყო 7-8 მარტის აქციები.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც - საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სატრანზიტო - ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტის განცხადებით, თუ საკითხს ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა და ევროპა უკვე წარმოდგენილია რეგიონის ქვეყნებში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.
მინისტრის თქმით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და თბილისის ქუჩებში ვხედავთ ევროკავშირის დროშებს.
„საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა!“ - აღნიშნა კოლონამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.