Jump to content
Planeta.Ge

ფინანსური დავალიანების გამო, ბაკალავრიატის სტუდენტების 12%-ს სტატუსი აქვს შეჩერებული - „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე


ანა ბუჩუკური: ფინანსური დავალიანების გამო, ბაკალავრიატის სტუდენტების 12%-ს სტატუსი აქვს შეჩერებული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე 178 450 სტუდენტი ფიქსირდება, რომელთაგან სტატუსი 59 750 სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათგან 21 137-ს - ფინანსური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, სტატუსი სულ სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 33.5%-ს აქვს შეჩერებული, ფინანსური დავალიანების გამო კი - მათ 11.8%-ს, ხოლო სტატუსშეჩერებული სტუდენტების 35.4%-ს სტატუსი სწორედ ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.

რაც შეეხება სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელს, 2021 წლისთვის სტუდენტთა ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების დონემ 31.6% შეადგინა, რაც დაბალი მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბაკალავრიატის საფეხურზე თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. „ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი და აქედან ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. საუბარია 21 137 სტუდენტზე, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც სწავლის საფასურის ვერ გადახდის გამო, სწავლის გაგრძელებაზე ფაქტობრივად ოფიციალურად უარი ეთქვათ. ამას ემატება ისიც, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, სტუდენტების ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების დაბალი მაჩვენებელია და სამწუხაროდ, სახელმწიფო ხელს არ უწყობს სტუდენტური სამუშაო ადგილების შექმნას“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს: სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით (იხილეთ: დანართი1), 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე 178 450 სტუდენტი ფიქსირდება, რომელთაგან სტატუსი 59 750 სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათგან 21 137-ს - ფინანსური მდგომარეობის გამო. ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წელზე მეტია გასული, 754 სტუდენტს სტატუსი ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს შეჩერებული, 2702 სტუდენტს სასწავლო-სოციალური გრანტი აქვს მოპოვებული; ხოლო 1051 პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით სარგებლობს.

როგორც სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, 2023 წლისთვის სტატუსი 59 750 სტუდენტს შეუჩერდა, საიდანაც ფინანსური დავალიანების გამო - 21 137 სტუდენტს, რას სტატუსშეჩერებული სტუდენტების მთლიანი რაოდენობის 35.4%-ს შეადგენს. ამავე მონაცემებით, სტატუსი სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 33.5%-ს აქვს შეჩერებული, ფინანსური დავალიანების გამო კი - მათ 11.8%-ს.

2013 წლიდან სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა და მათ შორის ფინანსური დავალიანების გამო სწავლაშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირია:

ცხრილი1: სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 2013-2023 წლებში (13.02.2023-ის მდგომარეობით)

 

5a8bed80-e5a3-11ed-a63c-25d33899ba44.png

წყარო: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

როგორც მონაცემებიდან ჩანს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა, მათ შორის ფინანსური დავალიანების გამო, რაოდენობის ზრდა 2018 წლიდან ფიქსირდება. 2022/2023 წლებში, როგორც აღვნიშნეთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი სტატუსშეჩერებული სტუდენტების 35.4%-ს შეუჩერდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სტუდენტთა დასაქმების საკითხს, რასაც განცხადების ავტორი ასევე ეხება, საქსტატის 2021 წლის (ამ დროისთვის ცნობილი ბოლო მონაცემი) მონაცემის მიხედვით, სტუდენტურ ასაკობრივ კატეგორიაში (20-24 წელი) დასაქმების დონე 31.6%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. წინა წელს იმავე კატეგორიაში დასაქმების დონე 34.5% იყო. შესაბამისად, 2021 წელს სტუდენტთა დასაქმების დონე 2.9 პროცენტული პუნქტით გაუარესდა. თუმცა 2021 წელს დასაქმების დონა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შემცირდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით იყო განპირობებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებულ კატეგორიაში დასაქმების 2021 წლის მაჩვენებელს წინა წლებს ვერ ვადარებთ, რადგან 2019 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 15-24 ერთად იყო გაერთიანებული და მხოლოდ 2020 წლიდან გაიყო ორ ასაკობრივ კატეგორიად - 15-19 და 20-24-ად. აქედან გამომდინარე, 2019 წლამდე მონაცემების 2020 წლის შემდეგ მონაცემებთან შედარება რელევანტური არ არის.

განხილულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე.

factcheck.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...