საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა როგორც პირველიერქთან, ისე სხვა მღვდელმთავრებთან.
„2023 წლის 8 იანვარს შედგა მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის ახალი მეთაურის, მთავარეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაცია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. მისი უნეტარესობა გიორგისთვის აღსაყდრების მისალოცად და საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიებს შორის ტრადიციული მეგობრობის განსამტკიცებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, კვიპროსს ეწვია ჩვენი ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემადგელობით:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); საქართველოს საპატრიარქოს მომლოცველობის (რელიგიური ტურიზმის) სამსახურის უფროსი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
მათ შეხვედრები ჰქონდათ როგორც პირველიერქთან, ისე სხვა მღვდელმთავრებთან, რამაც ფრიად გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
განსაკუთრებული იყო სტუმრობა უნეტარეს გიორგისთან; მან დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ჩვენი ეკლესიების საუკუნეებით განმტკიცებული ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა. დელეგაცია სამშობლოში შაბათს დაბრუნდება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.