Jump to content
Planeta.Ge

სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, ბრალდებულმა ძალადობის ფაქტი ჩაიდინა.

პროკურორის თქმით, სოფელ ტაბახმელაში, სადაც საცხოვრებელ სახლში შალვა იაშვილი და რენატა ბეგიაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ყოფილ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შალვა იაშვილმა რენატა ბეგიაშვილს სახის არეში მუშტი დაარტყა.

ბრალდების მხარის განმარტებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პატაკი, რომლის თანახმად, რენატა ბეგიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც მიუთითა, რატომ მიიღო დაზიანებები.

ბბრალდების მხარის განმარტებით, ერთადერთი შემაკავებელი აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა, რათა შალვა იაშვილმა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

დაცვის მხარე კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა.

ადვოკატის განმარტებით, იაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგანაც მომხდარის შემდეგ შალვა იაშვილი არსად წასულა. მისი თქმით, ის, რომ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებისთვის მიმალვის საფრთხეს არ მიუთითა, ეს ნიშნავს იმას, რომ შალვა იაშვილის მიმართ დაკავება არასწორადაა გამოყენებული.

ადვოკატის თქმით, იმ დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ნეიტრალური პირები, ოთხი მოწმე დაპირისპირების დღეს მომხდარ დეტალებზე საუბრობს.

“ვინმე ამბობს, რომ შალვა იაშვილმა დაარტყა ბეგიაშვილს? პირიქით, ოთხივე ადამიანი ამბობს, რომ რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს… რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია კისერზე, ახრჩობდა, შალვა იაშვილმა შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი”, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზამ.

ადვოკატის თქმით, ასევე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულია დანა დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა.

ადვოკატ თეონა გვაზავას განმარტებით, რომ არა ოთხი ადამიანი, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა თავად რენატა ბეგიაშვილს. მისვე თქმით, შალვა იაშვილი მოძალადე არ არის. ადვოკატის განმარტებით, იაშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა, შალვა იაშვილმა.

“რენატა ბეგიაშვილისგან მონაყოლი ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, - განაცხადა შალვა იაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...