„არასწორია ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება“ — ანწუხელიძის ცოლი „უცნობის“ აქციაზე
„მოვდივარ“ — ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს — მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, უცნობის გვერდი სოციალურ ქსელში იყენებს რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოს.
გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ მისი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში არასწორია.
„15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა ან მოიქცეოდა, დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე“, — წერს მაკა ჩიკვილაძე.
ის ამბობს, რომ მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს, საჯაროდ ნაკლებად დააფიქსიროს სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ ისეთი შეხედულებები გამოხატოს, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს.
„მიმაჩნია, რომ მით უმეტეს არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რამე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ, სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა, სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება, გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე“, — წერს მაკა ჩიკვილაძე.
ის კონკრეტულ მაგალითს არ ასახელებს, თუმცა გიორგი ანწუხელიძის ვაჟის ფოტო გამოყენებული აქვს გვერდს აი უცნობი • i ucnobi. მაკა ჩიკვილაძეს საჯარო პოსტი გუშინ ღამით აქვს გამოქვეყნებული, თუმცა უცნობს პოსტი ამ დრომდე არ წაუშლია.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.