რეიტინგში ღარიბაშვილს ზურაბიშვილმა გადაასწრო – IRI-ის კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძეა, მეორე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს.
კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 25 აპრილს გამოაქვეყნა, რესპონდენტებს ჰკითხეს ჩამოთვლილი პირებიდან რომლის მიმართ იყვნენ პოზიტიურად განწყობილები და ვის მიმართ ნეგატიურად.
შედეგების მიხედვით კი ტრადიციულად პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ (გამოკითხულთა 91% პოზიტიურადაა განწყობილი), მეორე ადგილზე მოხვდა კახა კალაძე, 52%-ით, მესამე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს 48%-ით.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პოზიტიური განწყობა გამოკითხულთა 43%-მა დააფიქსირა, მას მოსდევს გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი 36-36%-ით.
საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წინა კვლევით, პოლიტიკოსებს შორის მეორე ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, სალომე ზურაბიშვილი კი ანა დოლიძის შემდეგ, მეოთხე ადგილს იყო. წლევანდელი კვლევის ამ კომპონენტში ანა დოლიძის რეიტინგი საერთოდ არაა გაზომილი, ღარიბაშვილს კი პრეზიდენტმა გადაასწრო.
IRI-ს წინა კვლევის შედეგები, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ასე გამოიყურებოდა:
- ილია II – 88%
- კახა კალაძე – 51%
- ირაკლი ღარიბაშვილი – 44%
- ანა დოლიძე – 40%
- სალომე ზურაბიშვილი – 38%
- დავით უსუფაშვილი – 38%
- ნინო ლომჯარია – 38%
- გიორგი გახარია – 37%
- გიორგი ვაშაძე – 37%
- ბიძინა ივანიშვილი – 36%
წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია ილია II-ის რეიტინგი 3%-ით, 1%-იანი მატება აქვს დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეიტინგი 10%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, მისი რეიტინგი 1%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ინსტიტუციების რეიტინგს, IRI-ს ბოლო კვლევაშიც ტრადიციულად პირველ ადგილს ქართული ჯარი იკავებს (77%), მეორე ადგილზე კი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოა (72%), მესამე ადგილზეა პოლიცია 63%-ით, ქართული მედიის მიმართ კი დადებითად განწყობილი გამოკითხულთა 57%-ია.
აღსანიშნავია, რომ IRI-ს მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ქართული მედია ინსტიტუციების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებდა 55%-ით, შესაბამისად ქართული მედიის რეიტინგი 7%-ით გაიზარდა და წინა კვლევაში მეოთხე ადგილზე მყოფ ადგილობრივ ხელისუფლებას გადაუსწრო.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტაციულია.
კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.