Jump to content
Planeta.Ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო


ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განმარტავენ, ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო.

მათივე ცნობით, აქედან, 2,935,177 ლარი (33.3%) ახალციხის მერიიდან დაერიცხა, მათ შორის, 2,290,017 ლარზე (78%) ხელშეკრულებები ახალციხის მერიამ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე გაუფორმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნოდარ ტალახაძეს ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში, 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა თანამდებობა უკავია.

2014-2017 წლებში იგი ახალციხის გამგეობაში ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო, 2018-2021 წლებში ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო - ახალციხეს“ თავმჯდომარის მოადგილე, 2021 წლიდან კი ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე და ამასთან ერთად ახალციხის მერიის სატენდერო კომისიის წევრიცაა.

ნოდარ ტალახაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული შპს „არალის“ 25% წილის მფლობელის, ეკა თათეშვილის მამამთილია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შპს „არალის“ შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე, ასევე, სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდირებაზე არაერთხელ წერდა.

თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთი, შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა. თუმცა, ამ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების მიღება, 2020 წლის 4 თებერვლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს გაუფორმა.

მის ხელმძღვანელად დანიშვნიდან ორ კვირაში, 19 თებერვალს, „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“ პირველ მოგებულ ტენდერზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხელშეკრულება დადო. მანამდე ამ შპს-ს არცერთი სახელმწიფო შესყიდვა არ მიუღია. 220,170 ლარის ღირებულების ტენდერი, ერთი შეხედვით გამოუცდელმა „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“ კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. გამოცდილების ნაწილში მან შპს „არალთან“ ქვეკონტრაქტორად მუშაობის დამადასტურებელი ხელშეკრულებები მიუთითა, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „არალის“ დირექტორი, დემეტრე თათეშვილი მოგებული სახელმწიფო შესყიდვების შესასრულებლად დის, ეკა თათეშვილის „კომპანია ელ ეს ჯორჯიას“ ქირაობდა.

ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის კომპანიამ 2020 წლიდან დღემდე 20 სახელმწიფო შესყიდვით ჯამში 8,797,512 ლარი მიიღო. აქედან, 9 შესყიდვა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღო და ახალციხის მერიიდან დაერიცხა 2,935,177 ლარი (33.3%). აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...