Bloomberg - ევროკავშირი რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტს აკრძალავს
ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg ევროკავშირის შიდა დოკუმენტსა და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსეთის გავლით საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რომელიც შესაძლოა, თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში იქნას გამოყენებული ან რუსეთს წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაში დაეხმაროს. ამასთან, არსებობს ინიციატივა, სანქციები დაუწესდეს იმ ტანკერებსა და გემებს, რომლებიც მათი მოძრაობის საზედამხედველო-სანავიგაციო სისტემებს თიშავენ.
ნაკლებად მოელიან, რომ სანქციების ახალი პაკეტი შეიცავდეს შეზღუდვებს „როსატომის“ მიმართ, რადგან, Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის დასანქცირების წინააღმდეგია.
სააგენტოს ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ პერსონალური სანქციები შესაძლოა, დამატებით კიდევ 30-მდე ფიზიკურ და რამდენიმე იურიდიულ პირს დაუწესდეს.
რიგი ტექნოლოგიების მიწოდებაში რუსეთმა ევროკავშირის აკრძალვებისთვის გვერდის ავლა შეძლო. კერძოდ, Bloomberg-ის სავაჭრო მონაცემებით, ევროკავშირში და სხვა მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული თანამედროვე ჩიპები, ასევე, ინტეგრირებული სქემები რუსეთს მესამე ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ყაზახეთის გავლით მიეწოდება. ამდენად, სანქციების მე-11 პაკეტში ევროკავშირი აპირებს, სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მოახდინოს ფოკუსირება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.