Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.468

კლანური გარიგება მოხდა – მერაბიშვილის კლანი ხუხაშვილისამ ჩაანაცვლა


PLANETA_INFO

1.179 views

ინტერვიუ ადამიანის უფლებათა დამცველ გიორგი ფარესიშვილთან

 

,,უშიშროება ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების გამო, ადვილი სამართავები არიან, პატარკაციშვილის გარემოცვაში მოახვედრეს პიროვნებები, ვინც დაღუპავდა მას და დაღუპეს კიდევაც. იგივე ხდება ივანიშვილის მიმართაც. და მას, თქვენი გაზეთის დახმარებით კიდევ ვაფრთხილებ. ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს დამნაშავე ორგანიზაციად, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ, თუმცა ამისთვის ყველანაირი საფუძველი აქვთ! ვანო მერაბიშვილის, გიორგი ლორთქიფანიძის დაპატიმრების საფუძველიც აქვთ და შალვა ჯანაშვილისაც, მაგრამ დღეს ის მინისტრის მრჩეველია. ნაციონალების რეჟიმის კლანები იმდენად შემჭიდროვებულნი იყვნენ სიბინძურეებით, ერთმანეთს ვერ წირავდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ერთ–ერთის გაწირვა აუცილებელი გახდა და მერაბიშვილის კლანმა გასწირა ახალაიას კლანი. პრეზიდენტი მერაბიშვილის კლანში იყო. ივანე მერაბიშვილისა და ხვედელიძე–ხუხაშვილის კლანებს შორის კი შედგა გარკვეული გარიგება და ,,ოცნებისტებმა" ნაციონალების ამ კლანის ,,გაპრავება" მოახდინეს. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვცემდნენ, გვტყეპდნენ, გვარბევდნენ, ქართველი ერი გააუპატიურეს, ამათ ეს ადამიანები ,,გაათეთრეს" და ეს უნდა ავიტანოთ?!

დათა ახალაია ბოლოს მიხვდა, რომ საბოლოოდ გაწირა მერაბიშვილის კლანმა, ოპოზიციად რომ დამკვიდრებულიყო და ამიტომ გამოაქვეყნა ასეთი წერილები. ციხეებში საშინელებები მერაბიშვილისა და სააკაშვილის გარეშე არ ხდებოდა. თუ ასე არ არის, რატომ აფარებენ ხელს გიორგი ლორთქიფანიძეს? რატომ მართავს გოგავა დღემდე არაფორმალურად, მერაბიშვილის ყოფილი ,,მეორე ხელი" საზღვრის დაცვის პოლიციას?! რატომ არის შალვა ჯანაშვილი – დამნაშავე და მიტინგების დარბევის დამგეგმავი, ახლა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე?! რატომ გახდა დავით ჩხატარაშვილი გია ხუხაშვილის მარჯვენა ხელი?!

ვანოს კლანისთვის ამ ეტაპზე ბიზნესები არ იყო მნიშვნელოვანი. ისინი მზად იყვნენ დაეთმოთ ყველა ბიზნესი, პოლიტიკური ,,გაპრავების" სანაცვლოდ. მათ 9 წლის განმავლობაში უკვე ,,დათრეული" აქვთ მილიარდები. ამჯერად მათი მიზანი პოლიტიკურად თავის გადარჩენა იყო, ამიტომაც დათმეს ბიზნესწილები უპრობლემოდ, ხუხაშვილის და მისი კლანის სასარგებლოდ. ეს არის იმ ხალხის თავზე გადავლა, რომლებმაც ამდენი აიტანა წლებისა განმავლობაში. ქვეყანას წინსვლას ეს ვერ მოუტანს, რადგან მოხდა მხოლოდ ერთი კლანის მეორით ჩანაცვლება და პოლიტიკური და მატერიალური აღებ–მიცემობა გაგრძელდება. დანარჩენი რა და როგორ იქნება ქვეყანაში, ხალხი რა მდგომარეობაში ჩავარდება, ამას უკვე გავლილი წლებისა მაგალითიც გვიჩვენებს.

ნაციონალები ,,გაპრავებულები" არიან დ ახლა პოლიტიკურ ვაჭრობას ეწევიან. ამის მაგალითი არის პრეზიდენტისგან ვეტო სასამართლოს ცვლილებებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცარგვალს ნაციონალების ვარსკვლავი კვლავ არ მოსცილდება, რამაც დიდი ალბათობით, შეიძლება ქვეყანას დიდი არეულობა მოუტანოს. ეს რომ არ მომხდარიყო, ხალხმა ამიტომ შეცვალა ნაციონალური ხელისუფლება ,,ოცნებით", აღარ უნდოდა კლანური მმართველობა გაგრძელებულიყო, მაგრამ ესენი აგრძელებენ. ხალხი შეიძლება ცოტას კიდევ დაელოდოს, მაგრამ მერე აუცილებლად გადაირევა, უმართავი პროცესები წავა და უმართავი პროცესები დღეს საქართველოს არ აწყობს. ამაზე ღიად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. ხალხი ადრე თუ გვიან ხმას ამოიღებს, მაგრამ ხუხაშვილის წინააღმდეგ კი არა, ივანიშვილის წინააღმდეგ და ხომ ხვდებით, ხუხაშვილი და მისი კლანი ამ კაცს, საქართველოსა და ქართველ ხალხს რასაც უკეთებენ? ...

პროფესიონალი კადრები გარეთ არიან და ქვეყანას მართავს ისევ ის ხალხი, ვისი საქმეებიც, რბილად რომ ვთქვა, შესასწავლია. ვთქვათ, მართლა არ გვყავს კვალიფიციური კადრი, ხომ შეიძლება ახალი კადრების მომზადება?! მაშინ ამას ხომ მაინც უნდა აკეთებდნენ, თუ დამნაშავეებს უნდა ჩაუგდონ ხელში ისევ ქვეყანა?! დაიღუპნენ ქართველები, სულ ერთი და იგივე ადამიანები რომ არიან შეუცვლელად?! ამიტომაც ვამბობ, რომ მოხდა კლანური გარიგებები და ეს გზა არ მიგვიყვანს ტაძრამდე".

 

(,,კვირის ქრონიკა"N17(591); ავტორი:ნელი ვარდიაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...