Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    495.668

ვინ დაკარგავს ივანიშვილის მთავრობაში მინისტრის პორტფელს


PLANETA_INFO

1.135 views

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში დიდი ინტრიგა შემოიტანა, როცა განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აღარ აქვს, ერთ–ერთ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება მოახერხოს. ის არ აკონკრეტებს ამ მინისტრის ვინაობას... მასმედიაში კი ვერსიები ვერსიებზე ვრცელდება, ვინ შეიძლება დაკარგოს მინისტრის პორტფელი

 

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

 

"მინისტრების ერთი ნაწილი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით, აქედან გამომდინარე არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რომელიმე მათგანის დასახელება, როგორც იმ მინისტრის, რომელსაც პრემიერი გაათავისუფლებს, მაგრამ მე შემიძლია იმ მიზეზებზე გელაპარაკოთ, რამაც განაპირობა ზოგიერთი მათგანის უარყოფითად წარმოჩინება. საქმე ისაა, რომ არსებობდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მას ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი არეულობა დახვდებოდა, ზოგადი წარმოდგენები ჰქონდათ, თუ რა ვალდებულებების წინაშე იდგა წინა ხელისუფლება და რა საიდუმლო დოკუმენტები იდო სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციებთან, ეს კიდეც გამოიხატა ტარიფების ვერდაწევაშიც. რეალური სურათის არცნობამ გამოიწვია ის, რაც დღეს ხდება. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა მყისიერი წარმატებისათვის, ამას თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა.

თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, მინისტრი იყოს კარგი მენეჯერი, მცოდნე ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს დავალებას და ამას დამატებული, თვითონ მინისტრი უნდა ამდიდრებდეს საკუთარი ცოდნითა და ფანტაზიით დასახულ დავალებას. სამწუხაროდ, ადამიანების ერთი ნაწილი ამ ტიპის ინიციატივას მოკლებული აღმოჩნდა. შეიძლება ადამიანი იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა უნდა იყოს წარმატებაზე ორიენტირებული. ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება, სავარაუდოდ, გამოიწვია იმან, რომ ვიღაცამ მოინდომა მინიხაზინის მოწყობა. ამის თაობაზე მე ვიცი მხოლოდ ზოგიერთი რამ, კერძოდ, რომელიღაც მინისტრმა მოინდომა ექსკლუზიურად წამგებიან საერთაშორისო კორპორაციასთან ჰქონოდა კონტრაქტი, რაც სახელმწიფოსთვის წამგებიანი შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ზოგიერთმა მინისტრმა იმედი გაუცრუა, ზოგიერთი მინისტრი კი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. მოკლედ, ასეა თუ ისე, უმძაფრეს პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მინისტრი თუ უწყების ხელმძღვანელი პროცესებს ჩამორჩა.

არ გეტყვით იმ მინისტრის სახელს, ვინც პრემიერის სამიზნე გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი. ხალხს მისი ვინაობა იმიტომ აინტერესებს, რომ შემდგომში ტალახში ათრიოს. ადამიანს, რომელიც შემიძლია დავასახელო, იმ უარყოფით თვისებებთან ერთად, რომელიც მინისტრობის პოსტზე წარმოაჩინა, აქვს დადებითი მხარეც. არ მინდა ამ ადამიანის გასვრა და მორჩა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ამ მინისტრზე ცოტა ხნის შემდეგ აზრი შეიცვალოს, მე კი დამრჩება ეს ნათქვამი. თუმცა გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მინისტრი, რომლის მიმართაც პრემიერს პრეტენზიები აქვს, გახლავთ ეკონომიკის გუნდიდან".

 

(,,ალია"N40(2794); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...