Jump to content
Planeta.Ge

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ლაჩინი-ხანქენდის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია


კატეგორიულად უარვყოფთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ლაჩინი-ხანქენდის გზის სასტარტო პუნქტზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობის შესახებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა და მიუღებელია. სომხური მხარის მსგავსი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევაა და დაძაბულობის ზრდას იწვევს. აზერბაიჯანის ლეგიტიმური გადაწყვეტილება და ნაბიჯი მის სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და ნორმას შეესაბამება. ცნობილია, რომ პრაღასა და სოჭში გამართული შეხვედრების შედეგად, რომელსაც სომხური მხარე ხშირად აღნიშნავს, სომხეთმა გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. აქედან გამომდინარე, სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, აზერბაიჯანს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მოქალაქეების, ავტომობილებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოება ლაჩინი-ხანქენდის გზაზე.

„რაც შეეხება უსაფუძვლო განცხადებას, რომ აზერბაიჯანმა სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, გვსურს შევახსენოთ სომხურ მხარეს : სომხეთის ხელმძღვანელობამ, უმაღლეს დონეზე, დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას სამმხრივი განცხადების საფუძველზე არ აკისრია რაიმე ფუნქცია ლაჩინის გზაზე მოძრაობის რეგულირების შესახებ. ამ ფონზე, ალოგიკური და გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც სამმხრივი განცხადების მხარე, აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიუღებელს უწოდებს. სამმხრივი განცხადების თანახმად, აზერბაიჯანს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოება ლაჩინი-ხანქენდის გზაზე. აბსურდული განცხადება, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნა „ეთნიკურ წმენდას“ ისახავს მიზნად, უსაფუძვლო და მიუღებელია. ვიმეორებთ, რომ არსებობს შესაბამისი პირობები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონის ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის გამჭვირვალე, უსაფრთხო და მოწესრიგებული გადაადგილებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება სომხურ მხარეს მოუწოდებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის შეფერხების ნაცვლად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს.

„ვურჩევთ სომხურ მხარეს, უარი თქვას მსგავს პროვოკაციებზე, პასუხისმგებლობით მოეკიდოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებას ისეთი პრინციპების საფუძველზე, როგორიცაა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, და სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხების ნაცვლად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის აღმოფხვრით და დერეფნის მთელი უსაფრთხოების ზონიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანის უზრუნველყოფით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

palitranews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...