Jump to content
Planeta.Ge

რუსუდან თევზაძე: მასწავლებლის განვითარების სქემა, რომელიც დღეს არსებობს, არის ბიუროკრატიის მექანიზმი და ის მთლიანად უნდა ჩაიხსნას


 

image.jpeg

ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ჯაჭვში, განათლების სისტემა კვლავ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება. პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს, არ არის ახალი და სამწუხაროდ, ვერც ერთმა მინისტრმა, ვინც სხვადასხვა დროს უწყებას უხელმძღვანელა, მათი აღმოფხვრა ვერ შეძლო. ზოგის მმართველობის პერიოდში პირიქით, ხარვეზები უფრო გაღრმავდა, ზოგმა იდეის დონეზე წამოჭრა ძირეული ცვლილებების განხორციელების სურვილი და მიზანი, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

ახალმა ხელმძღვანელმა, სულ რაღაც, ერთი თვის წინ ჩაიბარა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პორტფელი, ამიტომ მის შედეგიან მუშაობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. საკითხავია, რამდენად გაითვალისწინებს ის განათლების სფეროს გამოცდილი სპეციალისტების და ექსპერტების რჩევებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შედეგის მისაღწევად უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ უწყების პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლება.

როგორც პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე აცხადებს, განათლების სისტემაში არსებული ყველა პრობლემის თავი და ბოლო იმ ბიუროკრატიულ და ცენტრალიზებულ მმართველობაში უნდა ვეძიოთ, რასაც სახელმწიფო  მუდმივად თავს გვახვევს.

მან სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ უკვე რამდენჯერმე მიმართა ახალ მინისტრს და ხმამაღლა ურჩია, რომ თუ რეალური შედეგის მიღწევა და ქმედითი ნაბიჯების გადაგმა სურს, დაიწყოს სკოლის პედაგოგების დაფასებით, მათთვის ღირსეული პირობების შექმნით და მთლიანი სისტემის პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლებით.

რუსუდან თევზაძის თქმით, ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას მას ის გამოცდილება აძლევს, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდა და რომლის მეშვეობითაც, განათლების სისტემა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მიმართულებით, ყველა რაკუსრით შეძლია დაინახო, რადგან ამ სფეროში, საჯარო თუ კერძო სკოლის პედაგოგობიდან სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციამდე ყველა საფეხური გავლილი აქვს.

ჩვენთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა ემუშავა, გარკვეული მიზნით, პარალელურად ყოველთვის იტოვებდ დროს პედაგოგიური საქმიანობისთვის.

- ეს მეხმარებოდა, შემეჯერებინა და დამენახა, რამდენად კარგად მუშაობდა ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია თუ დათქმა. ამიტომაც ძალიან კარგად ვიცნობ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც არაერთხელ მისაუბრია.

Quote

სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური პოზიციონირების გამო, მესამე წელიწადია, ყველა მხრიდან ჩახსნილი და აბსოლუტურად დაიგნორებული ვარ. მიუხედავად ამისა, ჩასაფრებულის პოზიციიდან არასდროს ვლაპარაკობ, პირიქით, მინდა, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც ყველა რგოლში გვაქვს; ის პრობლემები, რაც სისტემაში არსებობს.

- რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ განათლების სისტემა რეალურ შედეგზე ორიენტირებული გახდეს და გამართულად იმუშაოს?

- ამისთვის საჭიროა, რომ განათლების პოლიტიკა, მისი ძირითად ხაზ სამინისტრო განსაზღვროს, იმის იქით კი, დანარჩენ საქმე სსიპ-ის მსგავსმა სამსახურებმა ავტონომიურად მართონ. ეს სამსახურები და დეპარტამენტები ახლაც არსებობს, მაგრამ თავიანთ საქმიანობაში შეზღუდულები არიან.

ძალიან ბევრი პროფესიონალი ვიცი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ვინც საქმეში სულს და გულს დებს, მაგრამ ვითარება მაინც არ სწორდება იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. სამომავლოდაც ყველა მცდელობა ფუჭი იქნება, ვიდრე არ მოხდება განათლების სისტემის დეპოლიტიზირება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი კურატორობის ქვეშ მყოფი ყველა ინსტიტუციის დებიუროკრატიზაცია, რესურსცენტრების ქმედითი დეცენტრალიზება, სკოლებისთვის ჭეშმარიტი ავტონომიურობის მინიჭება და დირექტორების რეალური დამოუკიდებლობა.

ამის ნაცვლად რა გვაქვს დღეს? რესურსცენტრები გადაქცეულია პოლიტიკურ ბაზად, სკოლები, დირექტორების ხელმძღვანელობით - პოლიტიკური ბაზა და გვყავს შეშინებული მასწავლებელი.

- პედაგოგების საკითხს რომ ჩავუღმავდეთ, რა შედეგს იძლევა მუდმივად მათი გამოცდებისთვის მზადება, ხარისხების მოპოვებაზე ზრუნვა და დიფერენცირებული ხელფასი; რამდენად სამართლიანია ეს მოცემულობა ან ასეთ რეჟიმში ყოფნა რამდენად უწყობს ხელს მასწავლებელს, იყოს მოსწავლის ინტერესზე ორიენტირებული?

- სამწუხაროდ, რაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით ხდება, ეს არის ტრაგედია. ხელფასი გახდა სავაჭრო თემა და მაეუბნებიან, ჩააბარებ გამოცდას, მიიებ მომატებულ ხელფასს, ვერ ჩააბარებ - ვერ მიიღებ.

სხვათაშორის, ბოლოს ვინც გამოცდა ჩააბარა, ის პედაგოგები მომატებულ ხელფასს, ჯერ ვერ იღებენ, რადგან აუცილებელია, დაქმულ დრომდე მაეგრეთწოდებული პორტფოლიოები ჩააბარონ.

ეს არის საქაღალდე, სადაც აღნუსხული გასულ წლებში ამა თუ იმ პედაგოგის საქმიანობა, მისი აქტივობები, რა პროექტებში მიიღო მონაწილეობა, თვითგანვითარებაზე როგორ იზრუნა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შეკრებას და თავმოყრას სჭირდება დრო, რომელიც აპრილის ბოლომდე აქვთ და ბევრი მის მომზადებას ვერ ასწრებ. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დააგვიანა იმ კრიტერიუმების გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს თავიანთი საქაღალდები უნდა შედგინათ.

Quote

 

იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელს ეცალოს მოსწავლისთვის, ის დროის უმეტეს ნაწილს უთმობს დასწავლას, მერე გამოცდის ჩაბარებას, მერე დოკუმენტების შეგროვებას, რათა  ბოლოში გავიდეს და ასრულდეს მთავარი მიზანი, მოუმატონ ხელფასი.

ეს არის სახელფასო პოლიტიკის წარმოების უდიდესი შეცდომა და ნიშნავს იმას, რომ შენ, სახელმწიფოს, მასწავლებელი სადავით გიჭირავს და ხელფასით აშანტაჟებ.

 

რა თქმა უნდა, პედაგოგები მუდმივად უნდა ვიარდებოდნენ, მაგრამ ამაში ხელს სხვა საშუალებებით უნდა უწყობდე და არა - გამოცდით აშინებდე.

- ასეთ პირობებში მოსწავლის ინტერესიც ხომ ზარალდება?

- რა თქმა უნდა, როცა მასწავლებლების ხელოვნური სეგრეგაცია ხდება, ამით პირველ ყოვლის, მოსწავლეები ზარალდებიან და ირღვევა მათი უფლებები.

ვთქვათ, ერთ სკოლაში ერთ კლას ასწავლის მაღალი კვალიფიკაციის ანუ გამოცდაჩაბარებული და მაალხელფასიანი მასწავლებელი და მეორე კლასს ასწავლის, ვისაც ეს გამოცდა ჩაბარებული არ აქვს. რა გამოდის? ერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ერთ დროსა და სივრცეში ირღვევა მოსწავლის უფლებები. სახელმწიფო ერთ მობელს დეკლარირებულად ეუბნება, რომ მის შვილს ასწავლის მაღალი დონის მასწავლებელი და მეორე - ნაკლები კომპეტენციის მასწავლებელი. გამოდის, რომ ეს მოსწავლეებიც სწავლა-სწავლების არათანაბარ პირობებში არიან.

- ასეთი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი რა შეიძლება იყოს, კონკრეტულად რით უნდა შევუწყოთ ხელი პედაგოგებს, რომ მათ მოსწავლეებზეც იზრუნონ და საკუთარ განვითარებაზეც?

-  ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ჩვენი პარტიის, პარტია ,,საქართველოსთვის“  სამოქმედო პროგრამაში გვიწერია უმთავრესი მესიჯი: მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული საბაზისო ხელფასი, რომელიც მას ღირსეულად აცხოვრებს.

სახელმწიფომ მიეცი მას სათანადო ხელფასი და მერე იზრუნე იმაზე, რომ ის უზარმაზი ფინანსური რესურსი, რასაც სამინისტროს სსიპ-ები დღეს ამაოდ ხარჯავენ, მასწავლებლების განვითარებაზე დაიხარჯოს. ამით ეს ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნება და პედაგოგ მუდამ გამოცდების ჩაბარება-ვერჩაბარების შიშარ ექნება.

ბუნებრივია, მისი შესაძლებლობები უნდა შემოწმდეს, უნდა იყოს გამოცდები, მაგრამ ამ პირობებით - არა. მასწავლებელი უნდა გამოიცადოს ინტერაქციაში, ემპათიაში, თანაგრძნობაში. მას უნდა დაესწრო გაკვეთილზე, ნახო, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარე, მერე ურჩიო, რომელ გამოწვევას როგორ გაუმკლავდეს, რა ნაკლი უნდა გამოასწოროს.

მასწავლებელს აქვს შინაგანი მოტივაცია, რომ უნდა იყოს მასწავლებელი და ამიტომ მიდის სკოლაში, მაგრამ მას სჭირდება გარე მოტივაცია, რაც არის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა რესურსით და ტექნიკით დახმარება. დღეს არსებული ტექნიკით და სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებით ეს ვერ მოხდება. მასწავლებლის გარე მოტივაცია იქნება დეკლარირებულ ღირსეული საბაზისო ხელფასი. რაც შეეხება შემდგომ განვიარებას, სახელმწიფოსთან, სამინისტროსთან, ექსპერტებთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, თავიდანვე ყველა იყოს ჩაყენებული განვიარების თანაბარ პოზიციაში.

- რას იტყვით ახალბედა პედაგოგების დასაქმების პრობლემაზე, რომელთაც სკოლაში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცდილებას და პრაქტიკას თხოვენ?

- აი, აქაც ისევ ბიუროკრატიამდე და იმ ფაქტორებამდე მივიდვართ, რომელსაც გამუდმებით ვახსენებ. ეს არის ბიუროკრატია, პოლიტიკური ნება, ვერტიკალური მმართველობა და ავტონომიის უქონლობა. თუ ეს ხელისშემშლელი ფაქტორები არ მოიხსნა, წინ ვერ წავალთ და ვერც იმ ახალგაზრდა პედაგოგების განვითარებას შევუწყობთ ხელს, რომლებიც ენთუზიაზმით აპირებენ სკოლებში მისვლას. თუ ასე გაგრძელდა, პირიქით, ისინი ნიჰილიზმში ჩავარდებიან, თავიანთ სპეციალობაში რეალიზებას ვერ მოახდენენ და ეცდებიან, პროფილი შეიცვალონ ან სხვა სამსახურები ეძებონ.

მასწავლებლის განვითარების ის სქემა, რაც დღეს არსებობს, არის ბიუროკრატიის მექანიზმი და ის მთლიანად უნდა ჩაიხსნას.

- განათლების სფეროს სპეციალისტებისგან მუდმივად გვესმის განათლების სისტემის სხვადასხვა ქვეყნის მოდელების უპირატესობებზე და შედარებები ჩვენს მოდელთან. რომელია ჩვენს სისტემასთან უფრო ახლოს ან რომელი მოდელი ჯობია?

- შედეგების მხრივ ორივე მოდელი ძალიან კარგია, ფინურიც და ბალტიისპირეთის ქვეყნებისაც, მაგრამ იდეალური ვერც ერთი ვერ იქნება. მთავარია, ნებისმიერ მოდელში მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული. მასწავლებლის ინტერესი არის ის, რომ დადოს კარგი შედეგი, ჰყავდეს მაღალი მოსწრების მოსწავლეები ანუ აღზარდოს საუკეთესო ახალი თაობა. ამისთვის კი საჭიროა, მასწავლებელი დამატებითი მარწუხებისგან იყოს თავისუფალი. ის უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკისგან და ბიუროკრატიისგან, სხვა შემთხვევაში, მას საუკეთესო ახალი აობის აღსაზრდელად დრო არ დარჩება.

Quote

მეც ვყოფილვარ მათ მდგომარეობაში, მეც მიკეთებია, რასაც ისინი აკეთებენ და ყველაფერი გამეგება. ამიტომაც არ ვსაუბრობ ჩასაფრებულის პოზიციიდან. ის პედაგოგი, ვინც დღეს მოსწავლეებისთვის და პირადი განვითარებისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებს, დიახაც, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად; დიახაც, საკუთარი ოჯახისთვის ან შვილისთვის ხელის დაკლების ხარჯზე და ამით თავადვე ზიანდება ფსიქოლოგიურად.

- ვიცით, რომ განათლების სამინისტროში არსებული სხვადასხვა სსიპ-ი სკოლის და მასწავლებლის განვითარების მიმართულებაზეა ორიენტირებული. შედეგების მხრივ რა შეიძლება ითქვას მათ საქმიანობაზე?

- გახსოვთ, ალბათ, მილენიუმის პროექტი, მასწავლებლის განვიარებაზე ორიენტირებული სქემა რომ შეიქმნა, რომელშიც უდიდესი ფინანსური რესურსი ჩაიდო. პირველმა ეტაპმა არ გაამართლა, მერე რებრედინგი გააკეთეს, არც ამან გაამართლა და აბსოლუტურად ფუჭად დაიხარჯა რესურსები.

ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პროფესიონალი მუშაობს განათლების სამინისტროს სსიპ-ებში, მათ ნამდვილად სურთ იქ თავიანთი ცდნის და გამოცდილების რეალიზება, მაგრამ ქაოსსა და არასწორ მენეჯმენტის პირობებში უწევთ მოქმედება. ასეთ მოცემულობას სთავაზობს დღეს მათ სახელმწიფო.

- რამდენად სწორია ეროვნული გამოცდების ბარიერების დაწევა, რისი საშუალებითაც მეტ აბიტურიენტს ეძლევა საშუალება, დადებითი შეფასება მიიღოს. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ბაკალვრიატის შემდეგ სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს და ფაქტობრივად, კვალიფიკაციის გარეშე რჩებ. თვალსაჩინოა, რომ ეროვნული გამოცდების სისტემაშიც არის პრობლემები და ამას ბარიერის დაწევა ვერ აგვარებს. ამ ვითარების გამოსასწორებლად რა შეიძლება გაკეთდეს?

- ესეც განათლების სისტემის ცალკე, დიდი პრობლემაა. ბაზარი გაჯერებულია ამდენი ,,უმაღლესდამთავრებულით,“ რომელთაც საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ. ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას, რაც მაღალი სახელფასო ანაზღაურებისთვის არის საჭირო და ამიტომაც გვაქვს ყველა სფეროში პრობლემა. ვხედავთ, რომ განათლებაში არსებული პრობლემა დომინოს პრინციპით იწვევს პრობლემას ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში.

როგორც განათლების სფეროს სხვა საკითხებზე, ეროვნული გამოცდების ცენტრზეც არაერთხელ მისაუბრია. ნებისმიერი რამე ბუნებაში განიცდის ცვეთას. მით უმეტეს, როცა საუბარია განათლების სისტემაზე, ახალგაზრდებზე, მოზარდებსა და მათთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ის აქტივიც დროსა და სივრცეში ცვდება, ნელდება, ეფექტს ჰკარგავს და ვეღარ ემსახურება იმ მიზნებს, რა მიზნებისთვისაც შეიქმნა.

Quote

ფაქტია, ეროვნული გამოცდების აქამდე არსებულმა სისტემამ კარგად იმუშავა, თავისი როლი და მიზანი შეასრულა, მაგრამ მან უკვე დაკარგა ეფექტურობა და ფუნქცია.

მსმენია ისეთი შემთხვევები, როცა აბიტურიენტი რიგობითობით თავის სასურველ პროფესიებს ნიშნავს, მაგრამ მერე, მიღებული ქულების მიხედვით, შემთხვევით ხვდება სამედიცინო სასწავლებელში. შეიძლება სამედიცინო ფაკულტეტზე შემთხვევით მოხვდეს ადამიანი?

ამდენად, განათლების სისტემის ეს სეგმენტი უკვე დრომოჭმულია, აღარ და ვეღარ ემსახურება თავის მიზანს, ამიტომ დროა, რაღაც შეიცვალოს.

ჩემი პირადი აზრი, უნდა გაიზარდოს სკოლის დატვირთვა, სკოლის კონტრიბუცია.

საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში არის ასეთი პრაქტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია  სკოლაში მოსწავლის სამოქალაო აქტივი ანუ უმაღლესში რომ აბარებ, შენი ეს კონტრიბუციებიც უნდა ჩაიდოს, თუ როგორი მოქალაქე ხარ; რას აკეთებ, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების ნაწილში.

- სამოქალაო განათლების როლის გაზრდას გულისხმობთ?

- დიახ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაა და სწავლა-სწავლების პროცესი მარტო რაღაცის დაზეპირება არ არის. ეს პროცესი ითვალისწინებს გარკვეული იდეის დალექვას, მორალის განვითარებას. ის ლექსიც, მოთხრობაც, საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება, გადის რაღაც მორალზე, რომელმაც შენ მოქალაქედ უნდა ჩამოგაყალიბოს. ეს არის მთავარი.

განათლების პოლიტიკის მთავარი მისიაც ეს უნდა იყოს და არა ბუღალტერია და ბიუროკრატია. ამაშია სკოლის და მასწავლებლის თავისუფლება.

Quote

მასწავლებელი კლასში ფეხს რომ შედგამს, მოსწავლის ერთმა მზერამ, ერთმა სიტყვამ ან ემოციამ შეიძლება სულ სხვა რელსზე გადაიყვანოს და ისეთ თემაზე წამოიჭრას საუბარი, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პროგრამით გათვალისწინებული რომელიმე პარაგრაფის დაზეპირება. მაგალითად, თუ ვითარებამ სალაპარაკო თემად ცხოველებთან ურთიერთობა მოიტანა, ამაზე საუბარმა, მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების მხრივ, მოსწავლეს შეიძლება ბევრად მეტი შედეგი მისცეს, ვიდრე პიაგორას თეორემის დასწავლამ ან რომელიმე ისტორიული თარიღის დამახსოვრებამ.

- შეიძლება ასეთი მეთოდოლოგიით სწავლების სურვილი ბევრ მასწავლებელს ჰქონდეს, მაგრამ რამდენად ექნება მხარდაჭერა დირექციისგან, რამდენად გაუგებს მას დირექტორი?

- სამწუხაროდ, დირექციაც ბიუროკრატიას ექვემდებარება და ქმნის ვერტიკალს, რომლის დარღვევაც ამ დროსა და სივრცეში, ამ პოლიტიკური მოცემულობის პირობებში შეუძლებელია.

დირექტორიც წნეხის ქვეშ არის, მერე ის მასწავლებელს აქცევს წნეხის ქვეშ, მასწავლებელი ავსიდაუნებურად მოსწავლეს და მშობელს ამყოფებს წნეხის ქვეშ. მილიონი კონფლიქტი იქმნება ამის გამო და რა იწვევს ამ ყველაფერს? ისევ და ისევ ბიუროკრატია.

ამით ზარალდება ყველა მხარე და ეროვნული სასწავლო-გეგმის მიზნები გვერდზე რება.

ამიტომაც ვიმეორებ გამუდმებით, რომ აუცილებელია სისტემის დებიუროკრატიზაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ არ იქნა პოლიტიკური ნება და უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია.

- ამდენჯერ განხორციელებული განათლების რეფორმის შემდეგ, რატომ გვიწევს ისევ წრეზე ტრიალი და მუდმივად ერთიდაიგივე პრობლემებზე საუბარი?

- იმიტომ, რომ განათლების რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს მთელი სპექტრის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც იქნება დებიუროკრატიზაცია, დეპოლიტიზაცია, დეცენტრალიზაცია და სისტემის სრული ავტონომიურობა.

ვიცით, რომ შეიქმნა ახალი სკოლის მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა პროექტულ სწავლებას და მას დაარქვეს განათლების რეფორმა. მერე ჩაიხსნა ეს ახალი სკოლის მოდელი და დარჩა პროექტული სწავლება. მერე აქაც წარმოიქმნა ტექნიკური პრობლემები... სქემა რომ ამოქმედდა და დრო გავიდა, ურემი რომ გადაბრუნდა, მერე დაიწყეს კვლევა. აგერ, ახლა, გზადაგზა მიდის გარკვევა, რა არის კარგი და რა - ცუდი ან რა ფაქტორები უშლის ხელს პროექტული სწავლების განხორციელებას.

Quote

არ ვიქნები განსხვავებული, თუ ვიტყვი, რომ პროექტული სწავლება მეტწილად დაკავშირებულია ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებთან. ის ტექნიკური თუ სხვა რესურს, რაც ამ პროექტების გაკეთებას სჭირდება, ყველა ოჯახს არა აქვს. ამიტომ ეს ყოველივე თავიდანვე იყო გასათვალისწინებელი და გასააზრებელი.

განათლების სისტემა, მეტად მგრძნობიარე და ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ რეჟიმში მოითხოვს ფრთხილ და რაციონალურ მუშაობას მდგრადობისთვის.

კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ, რომ ეს სისტემა სასწრაფოდ საჭიროებს ეგრეთწოდებულ ავარიულ გადატვირთვას, სხვა შემთხვევაში განათლების სისტემა და შესაბამისად ჩვენი მომავალი თაობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

ირმა ბერიშვილი 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...