„ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები სუდანში ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან ევაკუაციის დაწყებას
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებიან ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
როგორც კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ავიაკომპანია ელოდება დასტურს, რომ თანამშრომლების შენობიდან გასვლა უსაფრთხოა, რის შემდეგაც დაიწყება მათი ევაკუაცია.
„ჩემი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს დაიწყეს ევაკუაცია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ველოდებით უკვე ოფიციალურ დადასტურებას, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და შესაძლებელია შენობიდან გამოსვლა. ველოდებით გაერო-დან დადასტურებას, რომ ერთობლივი ევაკუაცია განხორციელდეს. ჩვენ შემთხვევაში, უნდა მოხერხდეს საჰაერო ხომალდთან მისვლა, დათვალიერება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოვფრინავთ თუ ალტერნატიული გზით ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას. ეს დამოკიდებულია უსაფრთხო დერეფანზე, თუ გვექნება ოფიციალური დადასტურება, რომ შესაძლებელია შენობის დატოვება. ყოველ წუთს ველოდებით პასუხს. 72-საათიანი ზავი დაიწყო პარასკევს, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეუწყვეტიათ სროლა, ეს ზავი ჯერ კიდევ ძალაშია, თუ არ ჩავთვლით, რომ პარასკევი და შაბათი მაინც ისროდნენ. ჩვენს თანამშრომლებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, წყალი საკვები აქვთ, ელოდებიან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.
სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.