პროკურორი - მალხაზ პაქსაშვილის წინააღმდეგ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მისი მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობასა და საბრძოლო მოქმედებებში - არსებობს ვიდეომასალაც
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი, რომელიც გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” და სირიის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის არსებობს ვიდეომასალაც”, - განაცხადა მაია სილაგაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როდის გადმოკვეთა მალხაზ პაქსაშვილმა საქართველოს საზღვარი, როგორც პროკურორი განმარტავს, რომ საქმეს გრიფი “საიდუმლო“ ადევს და ყველა დეტალზე საჯაროდ არ ისაუბრებენ.
„თუმცა, რამდენიმე წლის წინ მან ნამდვილად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას შემდგომ, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომ ის იმყოფებოდა სირიის ტერიტორიაზე და სირიაში მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ მოქმედებებში ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ, რაც მოხდა კიდეც. ამჟამად, შეტანილი გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების შესახებ”, - განაცხადა მაია სილაგაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
„2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.