მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმს ახორციელებენ სასამართლოზე, ამას აღვიქვამთ სახელმწიფო სუვერენიტეტზე ზეწოლად, რასაც არ გავატანინებთ
ოპოზიციას ურჩევნია, რეგლამენტი წაიკითხოს. დღეს რასაც ლაპარაკობდნენ, იმის იქითაც უამრავი ბერკეტია, რომ მავნებლობა არ გაატანინო ოპოზიციას. რეგლამენტის ერთი ჩანაწერი მავნებლობას როცა ემსახურება, მეორე ჩანაწერი უნდა გამოიყენო ამ მავნებლობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კენჭისყრის გასამართად რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა.
„ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება და როგორ ხდება თვითონ კომისიაში თანაბარ შემადგენლობასთან დაკავშირებით. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის სოლიდარობა ქართული სასამართლოს მიმართ. ვინც არ უნდა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი, პირველ რიგში, მას უნდა უთხრა, რომ არ შეიძლება დასანქცირდეს ან მესიჯის დარბილების თანახმადაც რომ ვთქვათ, არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე სავიზო შეზღუდვა დაუწესდეს ქვეყნის რომელიმე მოსამართლეს. რომელი სახელი და გვარიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ვიღაცას, შენი ქვეყნის სასამართლოს მოსამართლეს მტკიცებულებების გარეშე დაუწესებენ თუ არა შეზღუდვას თუ სანქციას, უნდა გეყოს გამბედაობა, თქვა, რომ ეს არის უსაფუძვლო, უსამართლო და ასეთი რამ არ შეიძლება. ესენი ამას კი არ აკეთებენ, ეროვნული თავმოყვარეობის საწინააღმდეგო მოქმედებებს სჩადიან. ისინი ამის საფუძველზე შტურმს ახორციელებენ სასამართლო სისტემაზე. შტურმი სცადეს ბევრი მიმართულებით და ახლა ამ მიმართულებით გააძლიერეს შემოტევა. ჩვენ ამ შემოტევას აღვიქვამთ, როგორც სახელმწიფოზე, მის სუვერენიტეტზე, სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოს დამოუკიდებლობაზე შტურმად, ზეწოლად. ბუნებრივია, მათ ამას არ გავატანინებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.