დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უსაფუძვლოა, ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს
ჩვენი მოსაზრებით, ეს ერთგვარი სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.
როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში თუ საელჩო ერიდებოდა წინა პლანზე გამოსვლას და ამ პროცესის, კამპანიის სათავეში ჩადგომას, დღეს აღარ ერიდება.
„ფორმალურადაც ავანსცენაზეა გამოსული ელჩი და ამერიკული მხარე ფაქტობრივად შანტაჟის მდგომარეობაში ამყოფებს ხელისუფლებასაც. მისი განცხადება, რომ აი, ახლა გაქვთ შესაძლებლობა, გამოიძიოთ კორუფციული ბრალდებები და თქვენ უნდა დაამტკიცოთ ერთგულება იმ პროცესის მიმართ, რომ ებრძვით კორუფციას, არის ოქსიმორონი. ელჩი, რომელიც იურისტი ბრძანდება, სახელმწიფო, რომელსაც ის წარმოადგენს და ასე პოზიციონირებს, ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ მტკიცების ტვირთი არის ბრალმდებელზე, მხარეს, რომელიც გააჟღერებს უმძიმეს ბრალდებას და მიიღებს სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებას, სულ მცირე იმის ვალდებულება ეკისრება, რომ რაღაცა მტკიცებულებები წარმოადგინოს. ბუნდოვნად რაღაც აბსტრაქტულ ინფორმაციაზე მითითება, მსგავსი ბრალდების წარსადგენად და დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არ არის საკმარისი.
შენ თუ აცხადებ, რომ მოქმედებ როგორც პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო, ორმაგი სტანდარტია, როდესაც შენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აკეთებს განცხადებას, რომ აშშ-ს კონკრეტული თანამდებობის პირი, ასევე მეორე კონკრეტული თანამდებობის პირის, ელჩის დავალებით, სთხოვს მოსამართლეს ანგარიშს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ ამერიკულ მხარესაც უნდა გაუჩნდეს ობიექტური ინტერესი, საკუთარი წარმომადგენლების ქმედებების კანონიერება გამოიკვლიოს. თუნდაც იგივე საგამოძიებო კომიის შექმნით, რასაც პარლამენტისგან ითხოვენ.
მეორე ფაქტი – აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც დღესაც აქვს მრავალმილიონიანი მხარდაჭერა აშშ-ში და ოპოზიციური კანდიდატია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, აცხადებს, რომ სასამართლო, მის საქმესთან მიმართებაში და ზოგადადაც, არის პოლიტიზირებული, კორუმპირებული, რატომ არ არის მიჩნეული მისი ეს განცახდება „სანდო ინფორმაციად“, რათა აშშ-ში დადგეს საამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს მიდგომები გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა ორმაგი სტანდარტით მოქმედება“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, სურთ გარკვეული შოუს მოწყობა, რომ დაიბარონ მოქმედი მოსამართლეები და ანგარიში მოსთხოვონ საჯაროდ გამართულ პროცესებზე, ეს კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.
„ამ ყველაფრის მიზანია, რომ მოხდეს ცალკეული მოსამართლეებისა და სასამართლო კორპუსის დისკრედიტაცია. მოხდეს სასამართლო სისტემის პარალიზება, რომ შემდგომში ადვილი იყოს ისეთი პროცესის განხორციელება, რომელიც ალბანეთში ან უკრაინაში განხორციელდა. ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული ეს კამპანია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ორკესტრირებული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდება უმძიმესი დანაშაულის, კორუფციის დაბრალება. ერთ მიზანს ვხედავთ, რომ შემდგომში ჩვენი, ჩემი კოლეგებისა და იმ მოსამართლეების განდევნა მოხდეს სისტემიდან, რომლებიც უზრუნველყოფთ და ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.