ირაკლი ქადაგიშვილი - სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი, ეს პირადად განაცხადა, სინამდვილეში, ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას მოემსახურა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კელი დეგნანის გუშინდელმა განცხადებამ ხალხს დაანახა, რომ აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას ემსახურება.
„ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხადა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ საჯარო წყაროებით იხელმძღვანელა, ანუ მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაციით, რომელთა უკან არაფერი იყო ნათქვამი, რამდენად არის სანდოობა, რამდენად არის ფაქტებით გამყარებული ან რამდენად შეესაბამება რეალობას, როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე. საქართველოს მედია ისეთი დონის პლურალიზმით, მასალების სიჭრელით, სიმრავლით გამოირჩევა, რომ თუ ჩვენი მედიის ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რამე ვერდიქტი გამოვუტანოთ, მერწმუნეთ, საქართველოში არც ერთი მოქალაქე არ დარჩება, რომელიც სანქციებს ასცდება, თუ ვინმე ამას მოინდომებს.
მიმაჩნია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივა სინამდვილეში, მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების რეფორმირების საკითხს, არამედ უფრო მოემსახურა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას. ასეთი ნაბიჯით კიდევ უფრო გაიზარდა შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და პოლარიზაცია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილს კითხვით მიმართეს, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როდესაც მოსამართლეების დასანქცირების პარალელურად, ელჩი დავით კეზერაშვილს არ აკრიტიკებს.
„ამის შთაბეჭდილება აშკარად იკვეთება და ეს ყოველთვის ძალიან ცუდია. ასეთი დიდი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, ქმედება საზოგადოებაში გარკვეულ უკმაყოფილებას, გაუგებრობას იწვევს, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობისთვის დაუშვებელია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.