Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში ახალ პროექტებს იწყებენ


ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში 2023-2027 წლებში განსახორციელებელ ახალ პროექტებს იწყებენ.

როგორც აღინიშნა, ოთხი ახალი პროექტი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში, მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას და ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. გარდა ამისა, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ დამატებით, რეგიონულ დონეზე განხორციელდება სამი პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ის მოიაზრებს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლას, თანასწორობის ხელშეწყობას, დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.

პრეზენტაცია დღეს ადგილობრივი მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე გაიმართა.

„დღევანდელი ღონისძიება არის ორგანიზებული საქართველოში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, სასამართლო სისტემის რეფორმის ხელშეწყობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის მხარდასაჭერად. რაც შეეხება სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების რეფორმას, ინტენსიურად ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენ წარვუდგინეთ საექსპერტო დასკვნა პარლამენტს და ველოდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტები მიღებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული პრეცედენტული სამართლის და ვენეციის კომისიის შეფასებების შესაბამისად. რაც შეეხება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა პარტნიორთან ქართულ საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად. ჩვენ ვმუშაობთ უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფთან და ეს არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაც ვაკეთებთ საქართველოში. გენდერული ძალადობა ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვან საკითხად საქართველოში და ის უნდა იყოს ევროსაბჭოს სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარიშვილი.

„თანამშრომლობის ფორმატი ეფუძნება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც კონკრეტულად არის გაწერილი ევროპის საბჭოსთვის საქართველოს სამოქმედო გეგმასა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში და ხორციელდება კონკრეტული მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა შალვა ცისკარიშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...