Jump to content
Planeta.Ge

„ოცნება“ კლანის მხარდაჭერასთან ერთად ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს | NGO-ები კვორუმის ჩაგდებაზე


არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის თავიდან აცილების მიზნით კვორუმის ჩაგდებას ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობამ კვორუმი უკვე ორჯერ ჩააგდო და ხელი შეუშალა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. ირაკლი კობახიძემ ეს მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით კი, ამ გადაწყვეტილებით საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს სასამართლოში არსებულ კლანს და უგულებელყოფს კონსტიტუციას.

„ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს.

სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია, საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. 5 აპრილს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე და მათი ოჯახის წევრები დაასანქცირა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება“, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია“, – აცხადებს TI.

კვორუმის ჩაგდებას გამოეხმაურა დღეს „სასამართლოს გუშაგიც“. ორგანიზაციის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ეს ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია.

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის აქტი“ არის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული „კლანური მმართველობის“ მხარდაჭერა და შენარჩუნება.

ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარების გამოსწორება“, – ნათქვამია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებაში.


პარლამენტს დღეს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი კიდევ ერთხელ ჩააგდო.

„კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, აქედან გამომდინარე, დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას“, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსად დღევანდელი დღისა, მათ რეგისტრაცია არც გუშინ გაიარეს. კვორუმის ჩაგდების მიზეზი ისაა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია, ამიტომ უმრავლესობა ცდილობს, ეს საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დადგეს.


6 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლო „კლანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...