ალექსეი რეზნიკოვი - შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, რადგან Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა
შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
მან დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის მიერ გადაცემული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩავიდა.
„ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც ის იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობას, აშშ-ში ვიზიტის დროს, მან ამერიკელ პარტნიორებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდებოდა Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. მისი თქმით, უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მაშინ იდგა საფრთხის ქვეშ, თუმცა მაშინ მან მიიღო პასუხად, რომ მსგავსი სისტემების უკრაინისთვის გადაცემა შეუძლებელი იყო.
„შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, რადგან Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა ეს სისტემები იმდენად სწრაფად აითვისეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
„ჩვენმა პარტნიორებმა კი თავისი სიტყვა შეასრულეს. ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მან აშშ-ის, გერმანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებსა და ხალხს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვმა ასევე გამოაქვეყნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ფოტო, რომელზეც Patriot-ის სამი სისტემაა გამოსახული.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.