ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - პატარა კაცები ხართ, ხალხს მხოლოდ იმაზე ესაუბრებოდით, როგორ დაიჭერდით, აწამებდით, ციხეში ჩაყრიდით - ტყუილად ნუ გაქვთ მომზირალი თვალები ხელისუფლებაში მოსვლის, არ მოგცემთ ამის საშუალებას
პატარა კაცები ხართ. თქვენ ესაუბრებოდით ქართველ ხალხს მხოლოდ იმაზე, როგორ დაიჭერდით, აწამებდით, ციხეში როგორ ჩაყრიდით, ამიტომ ტყუილად ნუ გაქვთ მომზირალი თვალები ხელისუფლებაში მოსვლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
ღუდუშაურმა ოპოზიცია გააკრიტიკა, რომ „არაფერს აკეთებენ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდი სიბრძნით განმსჭვალული. აქ კანტიკუნტად ადამიანები საუბრობდნენ შემწყნარებლობაზე, მაგრამ ერთი სიტყვა არ უთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რა აზრი გამოიტანეს ამ ყველაფრიდან. მე მინდა მართლაც შევეხო იმ მნიშვნელოვან გზავნილებს, რომლებიც ამ ეპისტოლეში იყო და ველოდები, იმასაც კი იკადრებენ ჩვენი რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები, პატრიარქს ეტყვიან, რომ „მშვიდობა საქილიკო საქმეა“, ეტყვიან, თუ როგორი მაგრები არიან და სიყვარულშიც შეეჯიბრებიან. სინამდვილეში ხდება ის, რომ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობაზე, სასამართლოზე, ბიზნესზე, საუბრობენ ყველაფერ იმაზე, რასაც ეს ადამიანები ცოცხებით და ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ. თქვენ აკეთებთ ერთადერთ რამეს, ამიტომ გეძახით რადიკალებს, პოლიტიკურ ტურებს. ეს არის სინდრომი. როცა ქვეყანაში სიტუაცია მოგცემთ საფუძველს და საშუალებას, რომ თავი გამოამჟღავნოთ, გამოცვივდებით და კადრულობთ ყველაფერს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ არაფერს არ აკეთებთ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის, მაგრამ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დიახ, ეპისტოლეში არის, პრაქტიკულად, დეპოლარიზაციაზე საუბარი და გამოდიხართ კოლექტიური „ქურქუმალები“ და საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რა უფლებით საუბრობთ ამაზე? აკეთებთ ყველაფერს, მათ შორის საჯარო განცხადებებით ამბობთ, რომ თურმე საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში“,- განაცხადა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ ქვეყნის პროგრესსა და წინსვლას საკუთარ კრახად განიხილავს.
„თქვენ ქართველ ხალხთან არასდროს ხართ, თქვენ ქართველი ხალხი დააწიოკეთ და ქართველ ხალხს განიხილავთ, როგორც საშუალებას ბიზნესის ტერორისა, შევიწროებისა, ჩაგვრისა, აბუჩად აგდებისა. ასეთი პატარა კაცები ხართ. თქვენ მხოლოდ ესაუბრებოდით ქართველ ხალხს როგორ დაიჭერდით, აწამებდით, ციხეში როგორ ჩაყრიდით. ვინ მოგცათ იმის გამბედაობა, კაცობა და ადამიანობა, რომ საკუთარ ხალხს და ქვეყანას ესაუბროთ და პროგრესი შესთავაზოთ? ამიტომ, ტყუილად ნუ გაქვთ მომზირალი თვალები ხელისუფლებაში მოსვლის. რაც არ უნდა გააკეთოთ, სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, თქვენ ქართველი ხალხი, ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეთ და ატეროროთ ეკლესიიდან დაწყებული, ბიზნესი და ქართული საზოგადოება. ეს კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ!“- განაცხადა ღუდუშაურმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.