Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული


სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ვაგნერის“ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ „ვაგნერი“ სუდანში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ყოფილმა დიქტატორმა, ომარ ალ-ბაშირმა მიიწვია 2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ომარ ალ-ბაშირი მაშინ რუსეთის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ სუდანი რუსეთისთვის „აფრიკის გასაღები“ იქნებოდა.

ომარ ალ-ბაშირი 2019 წელს ჩამოაგდეს, რის შემდეგაც გარდამავალი საბჭო შეიქმნა. მას შემდეგ ვაგნერმა დიდი რაოდენობით იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა სუდანს, მათ შორის სამხედრო სატვირთო მანქანები, ამფიბიები და ორი სატრანსპორტო ვერტმფრენი.

გარდამავალი საბჭო სუდანის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების მეთაურმა“, გენერალმა მოჰამედ ჰამდან დაგალომ დაშალეს 2021 წელს და „ვაგნერი“ სწორედ მათ დაუკავშირდა.

სუდანის გასამხედროებული ჯგუფი აგრძელებს კომპანია „მეროე გოლდ“-ის ოპერირებას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპლუატაციას უწევს სუდანის მაღაროებს და დიდი რაოდენობით ოქროს კონტრაბანდაშია ჩართული. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ფული სავარაუდოდ პრიგოჟინთანაც მიდის.

სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. დედაქალაქ ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...