Jump to content
Planeta.Ge

„დიდი შვიდეული“ - რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება


„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და რომ მას, ვინც რუსეთს უკრაინაში მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება.

"რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მესამე ქვეყნებს მოუწოდებენ, რუსეთის მხარდაჭერა შეწყვიტონ.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების და სრულად აღსრულების ერთგული ვრჩებით. კვლავ მოვუწოდებთ მესამე მხარეებს, შეწყვიტონ რუსეთის ომის მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე ფასის გადახდა დაემუქრებათ“, -აღნიშნულია კომუნიკეში.

ჯგუფი ასევე მკაცრად გმობს რუსეთის მიერ „ინფორმაციული მანიპულაციისა და დეზინფორმაციის ფართო გამოყენებას“ უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. “დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხის შესწავლას.

„შეუძლებელია, რომ ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკეები, როგორიცაა რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დაუსჯელი დარჩეს", - აღნიშნულია კომუნიკეში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნული კომუნიკე იაპონიის ქალაქ კარუიძავაში, ნაგანოს პრეფექტურაში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...