ანა ბუჩუკური - მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ დაეხმარება
პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
პარტიის წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ დაეხმარება.
“ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ახლა მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. რამდენიმე დღის წინ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. მიკვირს, რომ აქამდე ეს მექანიზმი არ გამოიყენეს. უცნაურია, აქამდე რატომ არ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. მნიშვნელოვანია, დაველოდოთ რას იტყვის სტრასბურგი. ამ ვითარებაში საგამოძიებო კომისიაზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ვერ დაეხმარება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში განხილვას”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება სასამართლო სისტემის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ბუჩუკური ამბობს, რომ მისი პარტია კომისიის ჩამოყალიბებას მხარს დაუჭერს.
“პასუხს ვერ ვაგებ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ სრული შემადგენლობით მხარი დავუჭიროთ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საგამოძიებო უწყებებს ვერ ჩაანაცვლებს, სრულად აღჭურვილი არაა საგამოძიებო მოქმედებების უფლებით, მაგრამ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ნება და სურვილი, რომ უპასუხონ უმნიშვნელოვანეს ბრალდებას კორუფციაზე; ვერანაირი მზაობა ვერ ვნახეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ბრალდება გამოიძიონ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ის პოლიტიკური ბერკეტები, რაც გვაქვს, გამოყენებული იქნას”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მოსამართლეების საკითხის გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.