Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება, ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.

როგორც ღვთისიაშვილი აცხადებს, ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რათა მოხერხდეს საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ შემდეგ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში“, – აღნიშნა ხვთისიაშვილმა.

მისი თქმით, ქართული მხარე კონტაქტზეა როგორც გაერო-ს ოფისთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და კოორდინირებულად მუშაობს.

„ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაც მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ უკვე ნებართვებსა და ჰუმანიტარულ დერეფანზე დალაპარაკება. ველოდებით, ცოტა ჩამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ არ გველაპარაკებიან, რადგან შეტაკებებში არიან ჩართულები“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან.

„არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გამოვიდნენ“, – აღნიშნა ხვთისიაშვილმა.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...