Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ


დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, „ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)

ქრისტე აღდგა!

დგება ჟამი ახალი პასექისა!

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.

ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.

უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.

ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“

უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით - მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.

„სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), - გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...