თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა
დღეიდან, 15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც.
თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:
- პენსიონერები;
- იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
- ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
- სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
- სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
- სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
- ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
- თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
ამ კატეგორიის მგზავრებისთვის გადახდის სპეციალური ბარათები გაიცემა უფასოდ, სხვა შემთხვევაში ბარათის ღირებულება 2 ლარია.
მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, TBC-ის ნებისმიერი ბარათით და ციფრული საფულის მეშვეობით, ასევე თელავის სატრანსპორტო კომპანიის ბარათით.
თელავს მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის თებერვლიდან ემსახურება, თუმცა მგზავრობა ამ დრომდე უფასო იყო. მერიას და შესაბამის სამსახურებს ორი წელი დასჭირდათ გადახდის სისტემების დასანერგად და ასამუშავებლად.
თელავს და ქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელს 10 ავტობუსი ემსახურება. თელავი კახეთში ჯერჯერობით ერთადერთი ქალაქია, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.