ვნუკოვოს აეროპორტმა ჯერ დააანონსა და შემდეგ წაშალა ცნობა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე
ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 18 აპრილიდან მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისებით იქნება ფრენა შესაძლებელი, შემდეგ კი წაიშალა.
“ვნუკოვოს” აეროპორტის ვებგვერდზე მითითებული იყო, რომ პირდაპირ ფრენებს ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში.
თუმცა ამ ავიაკომპანიის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იყო განთავსებული.
ბილეთის დაჯავშნის საშუალებას არც ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდი გაძლევდა.
BM.GE-სთან საუბარიში ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა უარყო, რომ კომპანია 18 აპრილიდან მოსკოვისკენ პირდაპირ ფრენებს იწყებს.
„ინფორმაცია არასწორია. არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა. არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს”, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
2019 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი რეისები აკრძალა, ორ ქვეყანას შორის ფრენები სომხეთის გავლით წარმოებს. ბოლო პერიოდში რუსეთის არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.