ინტერვიუ კელი დეგნანთან სანქციებზე, მედიაზე, პროპაგანდაზე და ა.შ.
მესამე წელია, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციას კელი დეგნანი იკავებს. მას ვადა მალე ეწურება, თუმცა სწორედ მის ელჩობას დაემთხვა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემაა როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე მედიისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა.
12 აპრილს ჩაწერილი ინტერვიუს დიდი ნაწილიც სწორედ სანქციებსა და ქართულ მართლმსაჯულებას ეხება, თუმცა “ნეტგაზეთმა” ელჩს არაერთი კითხვა დაუსვა სხვა პროცესებზეც, მათ შორის, მმართველი პარტიის ხისტ რიტორიკასა და კონსპირაციულ თეორიებზე, ქართულ მედიაგარემოზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომელთან დაკავშირებით პასუხსაც, საქართველოს გარდა, მისი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც ელის.
ქალბატონო ელჩო, უკანასკნელი ახალი ამბებით დავიწყოთ: BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ინფორმირებული ხართ ამ საკითხზე? და თუ ხართ, რა კომენტარს გააკეთებდით?
არ მომცემია საშუალება, მთლიანად წამეკითხა ეს ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ მოქალაქეების უფლებების დაცვას.
მოსამართლეთა სანქცირებაზე ვისაუბროთ: შალვა პაპუაშვილმა თქვენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, სავიზო შეზღუდვაო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელჩმა უკან დაიხია და თქვა, ეს სანქცია კი არა, “მოსანქციო” რამ არისო. როგორ უპასუხებთ მმართველი გუნდის ამ კომენტარებს?
აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები, ინფორმაცია, კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია. ამ პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები. ეს ეხება შეერთებული შტატების კანონს, ეს ეხება იმას, თუ ვის აქვს უფლება, შევიდეს აშშ-ში.
თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს გადაწყვიტოს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით თავისი, საკუთარი გამოძიების დაწყება საქართველოს კანონმდებლობით, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა წარმოაჩინონ საქართველოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლაში, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს დაცვის კუთხით. ეს არის ის, რაზეც ამ მთავრობამ, ამ მმართველმა პარტიამ აწარმოა კამპანია 2011 და 2012 წლებში: კორუფციისგან მართლმსაჯულების გაწმენდა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა. [ამჟამინდელი ხელისუფლება] აკრიტიკებდა კიდეც ზოგიერთ ამ პიროვნებას.
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ვახსენეთ, წარმოადგენს სიტყვებითა და განმარტებებით მანიპულირების მცდელობას მმართველი პარტიის მხრიდან, რათა გადაფაროს ამ სანქციების რეალური მნიშვნელობა?
ინგლისურ [ენაში] ძალიან, ძალიან ნათელია, თუ რას წარმოადგენს ეს [სანქციები]. ესაა სანქციები, რომელთა საჭიროებაც დგება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე. სამწუხაროდ, ქართული იმდენად კარგად არ ვიცი, რომ ამ შეკითხვას ქართულად ვუპასუხო, თუმცა ინგლისურად საკმაოდ ნათელია, თუ რას ნიშნავს ეს სავიზო სანქციები, რომელთა შედეგია ის, რომ ეს ადამიანები ვერ შევლენ აშშ-ში.
მმართველი გუნდისგან ასევე ისმის შეფასებები, რომ ამ სანქციების უკან კორუფციული პროცესები დგას და სახელმწიფო მდივნამდე ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიიტანა. რამდენად რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონი რომელიმე დაინტერესებულ მხარეს “შეცდომაში შეეყვანა”?
ეს უბრალოდ არაა სიმართლე, ეს [პროცესის] არასწორი დახასიათებაა. ეს პროცესი ძალიან გულმოდგინედ და ყურადღებით [წარიმართება]. სანამ მდივან ბლინკენამდე მივა, ინფორმაცია გულმოდგინედ მოწმდება, რათა დადგინდეს რომ ის არის სანდო და საკმარისია სავიზო სანქციებისთვის. როცა [სახელმწიფო] მდივანი აკეთებს თავის შეფასებას და აცხადებს ამ სანქციების დაწესების შესახებ, ინფორმაცია უკვე საკმაოდ ვრცლად არის მიმოხილული.
ხელისუფლება, ასევე მოსამართლეები, არაერთგზის მოითხოვენ თქვენგან მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე დაასანქცირეს ეს მოსამართლეები. თქვენ ერთ-ერთ ეთერში აღნიშნეთ, რომ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სანქციები დაწესდა, ძირითადად, საჯაროა. ღია წყაროების გარდა, არსებობს თუ არა სხვა მონაცემებიც, რომლებსაც დაეყრდნო აშშ ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
სავიზო სანქციები დაფუძნებულია სხვადასხვა წყაროზე. როგორც ვთქვი, მათი უმრავლესობა საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია და ბრალდებები, წლებია, ცნობილია. აშშ-ში გვაქვს კანონის შესაბამისი პროცესი, რომლითაც ხდება ამ სავიზო სანქციების [დაწესება]…
[საქართველოს] მთავრობასთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავეთ მართლმსაჯულების რეფორმის ოთხ ტალღაზე. გვქონდა ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო 4 წელიწადში არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, გატარდეს მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ამ მართლმსაჯულებას გარდაქმნიდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებად, რომლის პირობებშიც მოსამართლეებს ექნებათ საშუალება, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით.
ძალიან ბევრ ბრწყინვალე მოსამართლეს შევხვდი საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი სურვილია აკეთონ თავიანთი საქმე და აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პოლიტიკური ჩარევის გარეშე.
რეფორმის თვალსაზრისით გადასადგმელია ნაბიჯები, ბევრი მათგანი ნათლადაა წარმოდგენილი ვენეციის კომისიის 5 მოსაზრებაში და სხვა ექსპერტების მიერ. ნათელია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მოსამართლეებს ჭეშმარიტად მიეცეთ საქმის კეთების საშუალება, როგორც ეს მათ სურთ.
პირადად თუ მოგისმენიათ მოსამართლეებისგან პრეტენზიები მათ საქმიანობაში ჩარევის, დაშინებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების შესახებ?
მოსამართლეებთან ჩემი შეხვედრები ფოკუსირებული იყო მათი საქმიანობის ტექნიკურ ასპექტზე. მეც იურისტი ვარ და ძალიან ვარ დაინტერესებული მათი სამუშაოთი, ჩართულობით საზოგადოებასთან, სასამართლოების მუშაობით საქართველოში და აგრეთვე მსურს გავიგო მათგან, ეხმარება თუ არა მათ აშშ-ის პროგრამები, ან თუ არის სხვა გზები, რომელთა მეშვეობითაც დავეხმარებოდით მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაში.
სპეციფიკური ინფორმაცია, როგორც ვთქვი, საკმაოდაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, მათ შორის, განცხადებები მოსამართლეებისა, რომლებიც თავად გამოვიდნენ და ისაუბრეს სასამართლო სისტემაში არსებულ პირობებზე.
არაერთი განცხადება მოვისმინეთ როგორც სანქცირებულ მოსამართლეთა წრიდან, ისე ხელისუფლებიდან, იმის შესახებ, რომ ეს სანქციები აღქმულია სუვერენიტეტის ხელყოფად და ქართული სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობად. როგორ უპასუხებთ მსგავს კომენტარებს?
ვფიქრობ, ეს ამ სანქციების არასწორი დახასიათებაა. ამ სავიზო სანქციებს მოითხოვს აშშ-ის კანონი. საქმე გვაქვს აშშ-ის კანონთან, თუ ვის შეუძლია აშშ-ში შესვლა. საქმე ეხება არა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ან პოლიტიკურ პარტიას, არამედ ამ ოთხ პირს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში და ბოროტად იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ბლოკავენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას.
ისინი ჩართულნი იყვნენ მოსამართლეების კეთილგანწყობის მოპოვებაში ან მათ იძულებაში, რათა [ამ უკანასკნელებს] გადაეწყვიტათ საქმეები [სანქცირებულ პირთა] პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლოდ; ისინი ჩართულნი იყვნენ სხვა მოსამართლეთა დანიშვნებით ან დისციპლინის [საკითხებით] მანიპულირებაში, რათა მათთვის სასარგებლო შედეგი დამდგარიყო.
ეს არის ქმედებები, რომლებმაც ძირი გამოუთხარა სასამართლოს დამოუკიდებლობას და დაბლოკა პროგრესი იმ მიმართულებით, რომელზეც ქვეყანა წლებია მუშაობს, [ანუ] ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფუნდამენტურად დემოკრატია ეფუძნება და მისი სიძლიერე დამოკიდებულია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
ვფიქრობ, ბევრჯერ ვიხილეთ, რომ თუ არ გაქვს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, საზოგადოებას არ აქვს რწმენა სამართლიან არჩევნებში, იმაში, რომ მიაღწევს სამართალს სასამართლოში, განსაკუთრებით, თუ საქმეში ფიგურირებენ გავლენიანი პირები. ეს ფუნდამენტურია ნებისმიერი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის.
ამიტომაც, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ეს მუშაობა მთავრობასთან, სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, რათა ვცადოთ, დავეხმაროთ საქართველოს იმაში, რომ გააუმჯობესოს მართლმსაჯულების სისტემა. ესაა საქართველოს პრიორიტეტი და ესაა ჩვენი, როგორც საქართველოს მხარდამჭერის პრიორიტეტი; [ამასთან], ეს არის მოთხოვნა ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის და, როგორც ვნახეთ, ესაა ნაწილი 12 პრიორიტეტისა, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს დეკემბერში — ის, რაც ყველა ჩვენგანს სურს.
აშშ-ის მიერ ქართული მართლმსაჯულების რეფორმაში შეტანილი წვლილი ახსენეთ. იქნებ უფრო მეტი ვუამბოთ საზოგადოებას ამ დახმარებაზე, თავისი მასშტაბებით, რიცხვებითა და შინაარსით…
ახლა არ მაქვს ზუსტი მონაცემი, მაგრამ ამაზე საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ წლებია, ათწლეულებიც კი. მხარს ვუჭერთ მცდელობებს, გაუმჯობესებდეს სასამართლო. ვმუშაობთ მთავრობასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, სასამართლოებთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან…
ეს არის ძალიან პოპულარული და წარმატებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც ერთმანეთს ვახვედრებთ ამერიკელ და ქართველ მოსამართლეებს, სადაც მათ შეუძლიათ, გაცვალონ აზრები, საუკეთესო გამოცდილება, ისწავლონ ერთმანეთისგან. [ქართველი მოსამართლეები] მიდიან აშშ-ში, რომ ნახონ, როგორ მუშაობს ამერიკული სასამართლო, ამერიკელები კი აქ [ჩამოდიან], რათა ნახონ, როგორ მუშაობს ქართული სასამართლო.
სხვადასხვა გზები გვაქვს. ზოგჯერ [მუშაობა] მიდის ძალიან ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანობის გაუმჯობესება, რათა შემსუბუქდეს დიდი რაოდენობის განსახილველი საქმეებით გამოწვეული წნეხი. ეს ზოგჯერ ანელებს [მოსამართლეთა] შესაძლებლობას, სწრაფად გამოიტანონ გადაწყვეტილება.
იყო ბევრი ბრწყინვალე გაცვლითი პროგრამა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, რომლითაც მოქალაქეები უფრო პირდაპირ მონაწილეობენ სასამართლო პროცესში. იყო მუშაობა მედიაციაზეც: მხარეების მედიაციის კონცეფციის დანერგვა, დავის მოგვარება, რაც, როგორც წესი, უფრო სწრაფი [პროცესია] და ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ყველა უფრო კმაყოფილია შედეგით. ეს შედეგი კი უფრო სწრაფად დგება და უფრო იაფიცაა.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, აშშ-ში შესვლის აკრძალვას სხვა სახის სანქციებიც მოჰყვეს აწ უკვე სანქცირებულ მოსამართლეთა თუ სხვათა მიმართ?
ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებზე. ჩვენ ბევრი საშუალება გვაქვს, რომელთაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ და ეს არაა ის, რის წინასწარ გაცხადებასაც ვაპირებ დღეს.
ერთსაც დავაზუსტებ სანქციების საკითხზე: წინაა ევროკავშირის პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მმართველი გუნდი შეეცდება თუ არა ამ უარის დაკავშირებას ფაქტთან, რომ აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა და ამან ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა?
არ ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკურია. ესაა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი და, როგორც აღვნიშნე, შესაძლებლობა კორუფციასთან ბრძოლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების კუთხით, რასაც პირდაპირ მოიცავს 12 რეკომენდაცია. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ აღნიშნული კუთხით შეხედოს ამ [საკითხს].
მე არ მინდა ფიქრი იმაზე, რომ საქართველო დეკემბერში მიიღებს რაიმე სხვა [პასუხს], გარდა ძალიან პოზიტიური შედეგისა. ვფიქრობ, ახლა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერის, ყველას ძალისხმევა უნდა იყოს ფოკუსირებული 12 რეკომენდაციის შესრულებისადმი თავდადების დემონსტრირებაზე, ინკლუზიურად, ჭეშმარიტად ნაყოფიერად, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ ჰქონდეთ არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ არ მისცენ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსი და ჰქონდეთ ყველა მიზეზი იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია დეპოლარიზაცია. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ “რუსული კანონპროექტის” ჩაგდების შემდეგ მმართველი გუნდის რიტორიკა კიდევ უფრო ხისტი გახდა. გვესმის ტერმინები, როგორებიცაა ლგბტ პროპაგანდა, სატანისტები, ეკლესიის მტრები, ისევე როგორც ლიბერალი ფაშისტები. რას ცდილობს მმართველი პარტია მსგავსი სტილის შეტევით ოპონენტებისადმი?
არ მინდა, მმართველი პარტიის სახელით ვილაპარაკო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანების სტიგმატიზება და მათთვის იარლიყების მიწებება სრულიად შეუფერებელია. არაერთგზის ვნახეთ, რომ ათობით ათასმა ქართველმა ყველა სფეროდან, ყველა ტიპის [მოქალაქემ], მშვიდობიანად გამოხატა თავისი სურვილი, ძლიერი ნება ევროპული მომავლისა. ეჭვგარეშეა ის, თუ რა სურს საქართველოს მოსახლეობას და მათ არაერთგზის მოჰფინეს ნათელი [ამ სურვილს], მშვიდობიანად გამოხატეს ის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სხვა ქალაქების ქუჩებში. ვფიქრობ, ესაა საკვანძო ფაქტორი: საქართველოს მოსახლეობამ ნათლად დააფიქსირა, როგორი მომავალი სურს და ესაა ევროპა. ნებისმიერმა მთავრობამ უნდა უპასუხოს ხალხის ნებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არა მხოლოდ ცალკეულმა კატეგორიამ, არამედ საქართველოს მოსახლეობის ფართო [წარმომადგენლობამ] მთელი ქვეყნის გარშემო, ნათლად დააფიქსირა თავისი არჩევანი.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” და მასთან ასოცირებულმა პირებმა არაერთი ღიად უხეში პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. მეორე მხრივ, არაერთხელ გვესმის მტკიცებები “გლობალური ომის პარტიის” არსებობაზე, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა სურს. თქვენ ამ მტკიცებებს პირდაპირ უწოდეთ კონსპირაციული თეორიები. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს აღნიშნული თეორიების მიზანი?
არ მინდა, მიზანთან დაკავშირებით სპეკულაციებში შევიდე. ვფიქრობ, რომ [ამ თეორიების] შედეგი ხალხის შეშინებაა. როცა ისეთ მგრძნობიარე სიტუაციაში ხარ, როგორშიც საქართველოა, რომლის ტერიტორიის 20% ისეთი აგრესორის მიერ არის ოკუპირებული, როგორიც რუსეთია, უკვე [ისედაც] არსებობს შფოთისა და შიშის შრე.
ჩემთვის კონსპირაციული თეორიები, პროპაგანდა, რომელიც მოწოდებულია ხალხის დაბნევისა და შეშინებისკენ, არის ძალიან სახიფათო და შეუფერებელი. ესაა პროპაგანდა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, რუსეთის დუმის სპიკერისგან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერისგან ან თავად მინისტრისგან. და როცა [ამ პროპაგანდას] იმეორებენ აქ, თბილისში, ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეშფოთებული უნდა იყოს.
არანაირი სიმართლის მარცვალი არ დევს მოსაზრებაში, რომ ვინმეს სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს. აშშ, ნატო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ეს ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. ჩვენ არასოდეს გვენდომება საქართველოს ჩართვა ომში, იმის სრულად გათვალისწინებით, თუ როგორ დელიკატურ სიტუაციაშია [ეს ქვეყანა].
გაუგებარია, იმ ფონზე, როცა 30 წელია, ვეხმარებით საქართველოს, რათა ააშენოს თავისი საზოგადოება, გააძლიეროს თავდაცვა თავისი საზღვრების უკეთ დასაცავად, გაააქტიუროს თავისი ეკონომიკა, რათა უკეთესი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ხალხმა უკეთესად იცხოვროს… რატომ უნდა დავაყენოთ ეს [ყველაფერი] რისკის წინაშე? რატომ უნდა დავაყენოთ საქართველო რისკის წინაშე? ეს სრულიად გაუგებარია.
ნათელია, რომ მსგავსი ბრალდებები უშუალოდ საქართველოს დასავლელი მეგობრების, ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ამერიკელი სენატორის მიმართაც ხმიანდება. შეგვიძლია, ვისაუბროთ მმართველი გუნდის პირდაპირ მცდელობაზე, მოახდინოს დასავლეთის დისკრედიტაცია, რომელიც ხშირად არის კრიტიკული მმართველი პარტიის ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმართ?
რაც აქ ვარ, მინახავს რუსული პროპაგანდა სხვადასხვა წყაროდან, რომელიც, ჩემი აზრით, ემსახურება საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებისთვის ძირის გამოთხრას. სპეკულაციებში არ შევალ – რატომ, მაგრამ კიდევ ერთხელ: საქართველოს მოსახლეობამ არაერთგზის დააფიქსირა, რომ მისი არჩევანი ევროპაა. ესაა ის, რისკენაც საქართველო საუკუნეების მანძილზე მიისწრაფოდა. ეს არ არის ახალი გზა. ეს არის გზა, რომელსაც საქართველო საუკუნეებია მიუყვება. როდესაც ზოგჯერ მესმის, რომ ადამიანები ამბობენ, ევროპული, დასავლური ღირებულებები ქართულ ღირებულებებთან შეუსაბამოაო, არ ვიცი, რაზე ლაპარაკობენ, რადგან საქართველოს ასეულობით წლის მანძილზე ჰქონდა ადამიანის უფლებათა პატივისცემის, დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეები.
ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი იბრძოლა საუკუნეების მანძილზე, რათა დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. შთამბეჭდავია, რომ საქართველოს აქვს თავისი ენა, დამწერლობა, ეკლესია, ტრადიციები, კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სხვა კულტურა ტრიალებდა აქ საუკუნეთა მანძილზე. ჩემთვის ეს აჩვენებს, რომ ქართველთა დნმ-ში დევს ძალიან ღრმა სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისადმი, თავიანთი კულტურისადმი, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისადმი.
ყველაფერი ის, რაც აშშ-ს უკეთებია საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოადგენდა მხარდაჭერას საქართველოს თავდადებისადმი თავისი სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლების, დამოუკიდებლობის სიყვარულისთვის.
მინდა, დავაზუსტო, რას ნიშნავს აშშ-ის ელჩისთვის, როცა ზემოხსენებული კონსპირაციული თეორიები ესმის არა ცალკეული მარგინალიზებული პოლიტიკოსებისგან, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან?
რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელია, როცა გვესმის, როგორ იმეორებენ მმართველი პარტიის წევრები ანტიდასავლურ, პრორუსულ პროპაგანდას. ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეშფოთდება ნებისმიერ მომენტში, როცა [ესმით], რომ რუსეთის დუმის სპიკერის მიერ დაწყებულ პროპაგანდას იმეორებენ აქ, თბილისში და განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წევრები.
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტზეც გკითხავთ: მისი დაკავებიდან მეორე დღეს თქვით, რომ სააკაშვილის საქმე ტესტი იქნებოდა ქართული მართლმსაჯულებისთვის. რას ფიქრობთ, როგორ აბარებს ქართული მართლმსაჯულება ამ ტესტს?
ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებულნი სახალხო დამცველის ოფისის ბოლო ანგარიშით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებაზე იუწყება. კვლავაც მთავრობის პასუხისმგებლობაა მისთვის[ სააკაშვილისთვის] საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა. მისი კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ხელისუფლების ხელშია. ვფიქრობ, მათ უნდა გადადგან ნაბიჯები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
როგორც ზემოთ აღნიშნეთ, პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეთა ნებას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და გსურთ, ქვეყანამ დადებითი პასუხი მიიღოს კანდიდატის სტატუსზე. ყოველივე იმის ფონზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის დღეს?
ეს დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ვფიქრობ, მათ უნდა აჩვენონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ისინი მართლაც მოწოდებულნი არიან, გააკეთონ, რაც საჭიროა. საგზაო რუკა ნათელია. ამ კითხვაზე პასუხი იქნება ის, თუ რამდენად გულწრფელად იმუშავებენ პოლიტიკური ლიდერები ამ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. უნდა იყოს ჭეშმარიტად გულწრფელი ძალისხმევა რეფორმისათვის, რადგან ეს საქართველოსთვის [კეთდება]. [საქმე] მხოლოდ ევროკავშირის მოხიბვლას არ [ეხება]. ეს ეხება იმ სახელმწიფოს აშენებას, რომლის სურვილიც ქართველ ხალხს ათწლეულებია გაცხადებული აქვს.
რეკომენდაციები, რომლებიც [საქართველოს მიეცა], ახალი არ არის. ესაა ნაბიჯები, რომელთა საჭიროებაც, ვფიქრობ, მმართველმა პარტიამაც აღიარა და ოპოზიციამაც. ყველას თავისი როლი აქვს იმის უზრუნველყოფაში, რომ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს არ დარჩეს ეჭვი, რამდენად იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. მე ვფიქრობ, ეს ჯერაც სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებული ძალისხმევა, ისევე როგორც მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა.
12 რეკომენდაციის კონტექსტში უნდა გკითხოთ “მთავარი არხის” დამფუძნებელზე, ნიკა გვარამიაზე, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა შესაძლებელი “სათანადო მედიაგარემოს” შესახებ პუნქტის შესრულება გვარამიას გათავისუფლების გარეშე?
ჩვენ თავშივე დავსვით შეკითხვები ბატონი გვარამიას საკითხზე, მათ შორის, დაკავების დროის გარემოებაზე, ბრალდებასა და შემდგომში, განაჩენზე. სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საჭიროა არა მხოლოდ ზოგადი მიზნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით კითხვები აღარ გაჩნდეს. თუ გაგაჩნია დამოუკიდებელი სასამართლო, საზოგადოებასაც აქვს ნდობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. მანამ, სანამ სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მსგავსი ტიპის საქმეც იარსებებს.
კონკრეტულად ეს საქმე გამწვავებულია ფაქტით, რომ ბატონი გვარამია ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელია. ეს თავის მხრივ, კავშირშია ძლიერი დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად ასპექტთან — მედიის თავისუფლებასთან.
საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია. ჩვენ ვხედავთ, რომ სივრცეები ვიწროვდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის, შემთხვევებით, როგორიცაა ბატონი გვარამიას დაპატიმრება და გასამართლება. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.
საქართველოსა და აშშ-ის სამომავლო ურთიერთობებზე ვისაუბროთ. შეიძლება თუ არა, მმართველი გუნდის რიტორიკა, რომლის პირობებშიც, მაგალითად, რუსული სტილის კანონის მიღების მცდელობა ვიხილეთ, აისახოს ამერიკის დახმარებებზე საქართველოსთვის?
საქართველოს კვლავაც ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში. ათწლეულებია, კონგრესი ამ დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოსთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა მიემართება საქართველოს მოსახლეობას… ყველაფერი ეს კეთდება საქართველოს საზოგადოების ინტერესების, ოცნებების, მოთხოვნების მხარდასაჭერად ძლიერი, დაცული, აყვავებული დემოკრატიის აშენების კუთხით.
დარწმუნებული ვარ, კონგრესი კვლავაც ფოკუსირდება საქართველოს დახმარებაზე ყველა შესაძლო გზით და გააგრძელებს [ამ] დახმარების უზრუნველყოფას. მე კონგრესის სახელით ვერ ვისაუბრებ, რადგან ის ხელისუფლების ცალკე შტოს წარმოადგენს, თუმცა ვიცი, რომ საქართველოს მხარდაჭერა, რესპუბლიკელებსა თუ დემოკრატებს შორის, კვლავ ძალაშია. არის გარკვეული შეშფოთება, თუ საით მიდის საქართველო, თუმცა როგორც კონგრესს, ისე სახელმწიფო დეპარტამენტს ესმის, რომ ეს რთული პროცესია.
რაც შეეხება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა და გაგვაჩნია ერთად გაკეთებული საქმეების მყარი გამოცდილება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე; იმ ძლიერი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეძლებს თავისი საზღვრების დაცვას, თავისი ბაზრის დივერსიფიცირებას რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც შეძლებს სამუშაო ადგილების შექმნას მეწარმეობითა და შემოქმედებითი ქართველების გამჭრიახობით.
როცა საქართველოს გარშემო ვმოგზაურობდი, შევხვდი შესანიშნავ ადამიანებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომელთაც დიდებული იდეები აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიტანონ წვლილი თავიანთი საზოგადოების, ქვეყნის [განვითარებაში]. მე მწამს, რომ კიდევ ბევრი გვაქვს ერთად სამუშაო და შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ აშშ ზურგს არ შეაქცევს საქართველოს საზოგადოებას. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერებიც არ შეაქცევენ ზურგს აშშ-ს.
დასასრულს, გკითხავთ, პირადად თუ იცნობთ აშშ-ის ახალ ელჩად წარდგენილ რობინ დანიგენს? რა გამოცდილება აქვს მას საქართველოს კონტექსტში, რას ფიქრობს აქაურ პოლიტიკურ კლიმატზე, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე…
ელჩის პოზიციაზე წარდგენილი [რობინ] დანიგენი ერთ-ერთი საუკეთესო, ძალიან გამოცდილი დიპლომატია. ამჟამად ის არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. ასე რომ, საკმაოდ კარგად იცნობს ამ რეგიონს, ისევე როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის. ვფიქრობ, ის ძალიან აღფრთოვანებულია საქართველოში ჩამოსვლით და ვფიქრობ, თქვენ ის მოგეწონებათ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.