ვიოლა ფონ კრამონი სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმებაზე - ძალიან სამწუხაროა - იმედია შემდეგ სესიაზე შეძლებს, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება
ძალიან სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გაუქმებას.
“ძალიან სამწუხაროა. სურვილი მქონდა, რომ ჩვენ (ევროპარლამენტში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია) მივიღებდით მას [ზურაბიშვილს] პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისთვის.
იმედია შემდეგ სესიაზე შეძლებს. მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება,” - წერს ფონ კრამონი.
18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
„ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, - წერია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.