Jump to content
Planeta.Ge

ამილახვარმა დეგნანს მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის


განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრმა დიპლომატთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება.

„გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემაში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის სრული მზაობა გამოთქვა, მისი თქმით, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო დონის განათლება", - ნათქვამია პრესრელიზში.

სამინისტროს ცნობით, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო და აშშ უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ელჩმა მინისტრს დაუდასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობას. საუბრისას მხარეებმა სამომავლო პროექტებისა და გეგმების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა და კელი დეგნანმა უმასპინძლეს ფულბრაიტის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის პროგრამის (ETA-English Teaching Assistant) მონაწილე მასწავლებლებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წევრები ბოლო თვეების განმავლობაში აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ელჩ კელი დეგნანს; ისინი აცხადებდნენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას „ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს"; ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია არა მხოლოდ "მეორე ფრონტის" გახსნით საქართველოში, არამედ რევოლუციის მოწყობითაც.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...