Jump to content
Planeta.Ge

ქართული საპენსიო რეფორმის მომავლის შესახებ კვლევამ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობის ნაცვლად კითხვები გააჩინა


 

image.png

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 31 მარტს კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის თემაც ,,ქართული საპენსიო რეფორმის მომავალიიყო.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ითქვა, რომ კვლევის მიხედვით ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა. ესაა: საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა; განთავსების რისკიანობა და საპენსიო კანონის ცვლილებები; საპენსიო ასაკი და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახელმწიფოს მიმართ რეკომენდაციები გასცა:

 - შესაბამისი მოდელირების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის საფუძველზე, გაფართოვდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი და გონივრულობის ფარგლებში გაიზარდოს განთავსების რისკიანობა.

- მომზადდეს გადაწყვეტილება, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ სოციალური (საბაზისო) პენსია.

- განისაზღვროს ვადა, როდესაც სოციალური (საბაზისო) პენსიის ზრდა, მათ შორის ინდექსაციით, შეჩერდება.

- პენსიონერთა მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად, საპენსიო ასაკის გაზრდისთვის დაიწყოს მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების მოსამზადებლად.

- საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდეს ფინანსურ ინსტრუმენტებში (ფასიან ქაღალდებში, საბანკო პროდუქტებში) და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

საზოგადოების ფართო ნაწილისთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეკომენდაციების ის პუნქტებია, სადაც საპენსიო ასაკის გაზრდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის საბაზისო პენსიის მოხსნა და სოციალური პენსიის ზრდის შეჩერებაა ნახსენები.
მართალია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე ხელისუფლების მხრიდან შეფასებები ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნა დაიდო და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების მოტივით მსგავსი რეკომენდაციები გაიცა, ბევრ მოსაზრებას აჩენს.

რამდენად რეალურია საფრთხე, რომ პენსიონერთა რიცხვის ზრდამ და მათთვის საბაზისო დახმარების გაცემამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუშალოს; გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა IDFI-ს რეკომენდაციებს ან შესაძლებელია თუ არა, ამ რეკომენდაციების მიხედვით გატარებულმა საპენსიო რეფორმამ მოსალოდნელი კრიზისი აღმოფხვრას?

ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსს აკაკი ჩარგეიშვილს ვთხოვეთ.

აკაკი ჩარგეიშვილი: IDFI-ს კვლევებში ნახსენებ სამომავლო საფრთხეზე შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად ყოველთვის ყველაფერი დასაშვებია. კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვილაპარაკებთ, პენსია შრომისუუნარო ბენეფიციარის სოციალური შემწეობაა და აქედან გამომდინარე, ეს არის ის კალათა, რომელიც შემდგომში ეკონომიკას არ ქმნის ანუ პასიური ფულია. შესაბამისად, ნებისმიერი ექსპერტი თუ თეორეტიკოსი ვარაუდის დონეზე იტყვის, რომ საპენსიო კალათა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ ეკონომიკას, რადგან თუ არ შეესაბამება, ის ყოველთვის იწვევს რყევებს. ეს ლოგიკურია, თუმცა

Quote

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარდგენილ კვლევებსა და რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული ოდენობა, არ ჩანს რიცხობრივი ნაწილი, რომელიც დაასაბუთებს მათ ვარაუდებსა თუ დასკვნებს. არ არის მოცემული, რა კალათაზეა საუბარი, რა პირობებისთვის არის ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული და ასე შემდეგ.

ამიტომ, როცა სრული სურათი არ გვაქვს, ცოტა არ იყოს, რთულია, საფუძვლიანად შევაფასო მათი რეკომენდაციები.

ამასთან, არა მგონია, რომ მხოლოდ ეს რეკომენდაცია იყოს ძალაში, რადგან IDFI საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა, თუმცა, ამ შემთხვევაში საეჭვოა, მათი რეკომენდაციები სხვა პარამეტრებშიც ჯდებოდეს. აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორი იქნება ეკონომიკა იმ დროისთვის, რა დროზეც ეს რეკომენდაციებია გათვლილი, თავისუფალი იქნება, კაპიტალური იქნება, შერეული იქნება თუ სხვა სახის. ასევე, რა წყაროები იქნება პენსიისთვის შემოსავალი, რომელ პენსიონრებს შეეხება ეს რეფორმა, რადგან გვყავს უწყებრივი პენსიონრები, ვეტერანები და ასაკობრივი პენსიონრები. ამ კვლევებში ეს საკითხები დაკონკრეტებული არ არის. ხელისუფლებამ მისი განხილვა რომ დაიწყოს, ვფიქრობ, IDFI-ს კიდევ უნდა ჰქონდეს დამატებით დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებდით მსჯელობას, მაგრამ ამ დოკუმენტების შესახებ არაფერი ვიცით.

ვინაიდან, კვლევის ის სრული სურათი არ გვაქვს, რაც გაცემულ რეკომენდაციებს დაასაბუთებდა, რთულია პროგნოზირება, მთავრობა ან მიზნობრივი ჯგუფი რამდენად სერიოზულად მიიღებს მათ მხედველობაში.

Quote

 

ამ თემის გახმაურებამ საზოგადოებაში გარკვეული უარყოფითი ემოცია გამოიწვია, პროფესიულ წრეებში კი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

საჭიროა აღნიშნული კვლევების დასაბუთება კონკრეტული რიცხობრივი გაანგარიშებით და შედარება, რასთან მიმართებაში არის ეს პროგნოზი გაკეთებული; რატომ ვთქვათ, ამ მეთოდოლოგიით და რატომ არ არის დათვლილი სხვა მეთოდოლოგიით? საჭიროა მეტი კონკრეტული პასუხი, მეტი დეტალი იყოს ცნობილი.

 

საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისთვის 60 და კაცებისთვის 65 წელია. ასაკის ზრდა რაღაცასათან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ვგულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა გაზრდილია. მით უმეტეს, ჯანმო-ს შეფასებით, საქართველო მოსახლეობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რაც უმეტესად სწორედ საპენსიო ასაკის ადამიანებზე მოდის.

ამიტომაც ვამბობ, რომ არ ჩანს, IDFI - ს კვლევა რა პარამეტრებში, რა ჩარჩოებშიც უნდა იყოს წარმოჩენილი. შეიძლება მათი რეკომენდაცია სულაც მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ ის დეტალები და ფაქტორები, რაც ამ რეკომენდაციებს გაამყარებს, არ ვიცით და რაც ვიცით, წინააღმდეგობრივია, არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

ამდენად, არა მგონია, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება რაციონალური იყოს და მისი განხილვა ან შეფასება ღირდეს  

საქმე ისაა, რომ ამ აღნიშნულ კვლევიდან დასკვნა უნდა გაკეთებულიყო და პირიქით, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს და მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არაკვალიფიციურად მიიჩნევს კავკასიის ბიზნესჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე, რომელმაც ჩვენს მიერ ზემოთდასმულ კითხვებს უპასუხა.

ლევან სურგულძე: ჩვენ გვაქვს განსხვავებული საპენსიო სქემები. მათ შორის არის დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომლის დროსაც შემოსავლიდან გარკვეულ თანხას ზოგავ და პენსიაზე გასვლის შემდეგ, შეგიძლია ეს აქტივები სურვილისამებრ მართო.

ამერიკაში მოქმედებს შემდეგი სქემა, იქაც იბეგრებიან ხელფასის მქონე მოქალაქეები და ეს თანხა იმ ბენეფიციარების პენსიაზე მიდის, ვინც დღეს არიან პენსიონრები.

იმის გამო, რომ მედიცინა უფრო მეტად განვითარდა, ამერიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც გაიზარდა. ამიტომ ხანდაზმული ადამიანები უფრო დიდ ხანს იღებენ პენსიას, პენსიონერთა რიცხვიც იმატებს და შესაბამისად, შრომისუნარიან და დასაქმებულ თაობას ახლა ან მომავალში აუცილებლად მოუწევს უფრო მეტის გადახდა, რათა არსებული სქემა შენარჩუნდეს. ამდენად, ამერიკაში ეს პრობლემა ნამდვილად დგას, მაგრამ ჩვენთან ეს სქემა არ მოქმედებს და ის სისტემა, რაც მოქმედებს, მსგავს პრობლემას ვერ დააყენებს.

ასე, რომ ამ მიმართულებით IDFI - ს ეგრეთწოდებულ კვლევას კვალიფიციურად ვერ ჩავთვლი.

გაუგებარია, დაგროვებითი პენსიის მქონე ადამიანებს რატომ უნდა მოუხსნან საბაზისო პენსია, რომელიც არის სოციალური შემწეობის პირველი სვეტი, როცა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სამი სვეტია დაშვებული. პირველი, ეს არის საბაზისო შემწეობა, მეორე არის სავალდებულო დაგროვებითი სისტემა და მესამე - ნებაყოფლობითი დაგროვებითი სისტემა. გაუგებარია, აქედან პირველი სვეტის მოხსნა რას მოგვიტანს, სად წავა ეს თანხა, ბიუჯეტში დარჩება?

რაც შეეხება საპენსიო ასაკის გარზრდას, რა თქმა უნდა, თუ ეს გაკეთდება, ამით ბიუჯეტს დაზოგავენ, მაგრამ არა მგონია, ეკონომიკა გააუმჯობესონ. ის ფული, რასაც პენსიებისთვის გასცემენ, ხომ ისევ ეკონომიკაში ბრუნდება? პენსიონრები აღებულ შემწეობას ხარჯავენ, რაღაცას ყიდულობენ და შესაბამისად, ეს თანხა ისევ ეკონომიკაში ბრუნდება და ბრუნავს.

ამდენად, არ მესმის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა სიკეთეს მოიტანს ან საბაზისო პენსიის მოხსნა, ან საპენსიო ასაკის გაზრდა?

როგორც უკვე ვთქვი, კი, ბიუჯეტი დაიზოგება, სახელმწიფო ნაკლებ თანხას გადაიხდის, მაგრამ ეკონომიკას ვერ დაეხმარება.  

Quote

ამასთან, საპენსიო ასაკის გაზრდა ან ნებისმიერი ის პუნქტი, რაც ამ რეკომენდაციებშია ჩამოთვლილი, არ იქნება მოქალაქის კეთილდღეობასა და მისი საჭიროებებისკენ გადადგმული ნაბიჯი, პირიქით, უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუ ეს გაკეთდა, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საპენსიო ასაკის მოსახლეობის ყოფაზე. ეს არც ეკონომიკას არგებს და შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება არც ერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი.

როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცების შემთხვევაში 65 წელია, ხოლო ქალების შემთხვევაში - 60. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 808 ათასი ასაკით პენსიონერია, აქედან 71% ქალია, 29% კი - მამაკაცი. ქვეყანაში კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანრძლივობა 67.5 წელს აღწევს, ქალების კი - 75.4 წელს.

 

ირმა ბერიშვილი

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...