დმიტრო კულება: შავი ზღვა უნდა იქცეს ნატოს ზღვად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების კომპლექსური სტრატეგიის აუცილებლობაზე ილაპარაკა ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდას“ ინფორმაციით, კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს ნატოს ზღვად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ როგორ სწრაფად შეიძლება სიტუაციის გაუარესება, თუ საფრთხეებს უგულებელყოფ:
„საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ერთიმეორის მიყოლებით მიმართავდა სასტიკ შეტევებს. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს საკუთარი სიმართლე აქვთ. მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის და საბოლოო მიზანი იყო მორიგი იალტის კონფერენციის ჩატარება, რათა ევროპა გავლენის სფეროებად დაეყო“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის მისდევდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას. დმიტრო კულებას განცხადებით, როცა 2008 წელს, შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარი დახურა, რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას. კულება მიიჩნევს, რომ ვილნიუსში ნატოს წლევანდელი სამიტი კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.
ნატოს ლიდერთა სამიტი 2023 წლის ივლისში გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნატოსგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად. უკრაინამ ნატოს წევრობის ოფიციალური განაცხადი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში წარადგინა.
- ნატომ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე მხარი არ დაუჭირა საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემას, თუმცა, დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ორივე ქვეყნისთვის ნატოს კარი ღიაა.
- 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო.
- უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
- 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
-
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.