პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს
მარნეულში პოლიციამ დააკავა სამი ახალგაზრდა, რომელსაც გამოძიება სამართალდამცავებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანის დაზიანებას ედავება. მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიით, მანქანამ, რომელშიც სამი ახალგაზრდა იჯდა 12 აპრილს მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა. ამ მიზეზით პოლიციამ მათ მანქანის გაჩერება სთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა - გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, რა დროსაც მოცურდა და გადაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მძღოლმა და მანქანაში მასთან ერთად მყოფმა ორმა ახალგაზრდამ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.
"ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა", - აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.