ჟერარ დეპარდიეს 13 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 13 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ფრანგულ გამოცემა Mediapart-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და 20 წლის განმავლობაში გადასაღებ მოედანზე მსახიობის ქცევას ეხება.
გამოცემის ცნობით, საქმეში 13 ქალის ჩვენება დევს, რომლებიც დეპარდიეს არაერთ ქმედებაში ადანაშაულებენ, მათ შორის არასასურველ შეხებასა და უხამს კომენტარებში. დოკუმენტების მიხედვით, დეპარდიე არასასურველად ეხებოდა როგორც ახალგაზრდა ქალ მსახიობებს, ასევე ვიზაჟისტებსა და ტექნიკურ პერსონალს, ამასთან, ხშირად აკეთებდა უხამს კომენტარებსა და გამოსცემდა „კვნესის ხმებს“ მათი თანდასწრებით.
The Guardian აცხადებს, რომ დეპარდიემ ბრალდებების კომენტირებაზე უარი განაცხადა, მისი ადვოკატები კი ყველანაირ დანაშაულებრივ ქმედებას უარყოფენ:
„მსახიობის ამგვარი ქმედებები გადამღები ჯგუფის ყურადღების მიმართ რჩებოდა და ხშირად ამაზე იცინოდნენ, თითქოს ეს მხოლოდ სიტყვამახვილობა იყო — არა უშავს, ეს ხომ ჟერარია“, — წერს გამოცემა.
20 პროდიუსერისა და რეჟისორისგან გამოცემას მხოლოდ 11 გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობის ამგვარი ქცევის შესახებ არ იცოდნენ.
აღნიშნული ბრალდებები პირველი არ არის ფრანგი მსახიობის წინააღმდეგ. წარსულში დეპარდიეს გაუპატიურებაშიც ადანაშაულებდნენ. 2018 წელს დაწყებული სასამართლო დავა საფრანგეთში ამ დრომდე გრძელდება. თავად მსახიობი ამ ბრალდებასაც უარყოფს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.