ანრი ოხანაშვილის განმარტებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, პირის ოლიგარქად ცნობაზე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პირის ოლიგარქად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა.
შესაბამისი ცვლილება მეორე მოსმენის რეჟიმში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონში შევიდა, რომელზეც ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.
კორექტირებული ვერსიით, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, ჩაატაროს მოკვლევა, რათა გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება, ანუ გასაჩივრდება, ხოლო გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.
„პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება“, – დასძინა ოხანაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.