ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება. სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით, სამინისტრო მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები.
2025 წლიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.