ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტისადმი წერილს ხაბეიშვილის და წითლიძის ხელმოწერები აქვს, რითიც დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა
რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი შემიძლია, ერთი სიტყვით აღვწერო, ეს არის უპასუხისმგებლობა. როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის – წითლიძისა და ხაბეიშვილისაც, მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს, რომ სხდომა ჩანიშნოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძის თქმით, ხაბეიშვილისა და წითლიძის ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა.
„იმდენად მნიშვნელოვანი მგონია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც ნორმალური იქნებოდა. იყვნენ დეპუტატებიც, ვინც გააუქმა. ახლა არსებითია ორივე მათგანმა და თითოეულმა დეპუტატმა პარლამენტში განაცხადოს, რომ მორიგ სხდომაზე, როცა ჩაინიშნება კენჭისყრა, ყველა იქნება დარბაზში, რადგან ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია თითოეული დეპუტატისგან კონკრეტული განცხადება, რომ ისინი იქნებიან მომავალ კვირას სასესიო დარბაზში. ვიცი, რომ არიან დეპუტატები, ვინც საკუთარი ვიზიტები გადადო, დღის წესრიგი შეცვალა, გადაანაცვლა, რადგან საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა, განსაკუთრებით, სანქციების შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც რომელიმე დეპუტატი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ ან კომუნიკაციის პრობლემა იყო, მათ თუ შეიძლება, ჰკითხეთ, იქნებიან თუ არა აუცილებლად მომავალ კვირას პარლამენტში სასესიო დარბაზში კენჭისყრის დღეს“, – განაცხადა სამნიძემ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.