Jump to content
Planeta.Ge

ლევან მურუსიძე - კორუფციული ბრალდებები აბსურდია, უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში, მაგრამ პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რეალურად რა ხდება


მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას, ჩვენთან მიმართებაში კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდია, ეს უნდა გასაჩივრდეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მურუსიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში.

„პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რეალურად რაც ხდება ჩვენთან მიმართებაში, ზოგადად სასამართლო სისტემაში. ეს არის პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე, საუბარია მოსამართლეებისთვის მესიჯის გაგზავნაზე, რომ თუ მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის ელჩისთვის, საელჩოსთვის არის მისაღები, ბუნებრივია, მათი მხრიდან იქნება განხორციელებული ამგვარი ზეწოლა. ამის აშკარა და მკვეთრი მაგალითი არის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა. როდესაც მთლიანად საელჩოს წარმომადგენლები და ზოგადად მათ დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობო სექტორი, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელთაც, მიმაჩნია, რომ საერთოდ არ აქვთ დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი, იყურებიან საელჩოსკენ. მათ განაცხადეს მოცემულ საქმეზე, ისე რომ დაწერილი არ იყო და წაკითხულიც არ ჰქონდათ, რომ ეს კანონი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილება ჯერ არ იყო დაწერილი და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ დაქვემდებარებაში მყოფმა არასამთავრობო სექტორმა, პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს კანონი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ეს ერთი პრობლემაა. შემდეგ, ამას მოჰყვა ის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს მოსთხოვეს ანგარიში, შემდგომ უარი უთხრეს აშშ-ში წაყვანაზე. რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, მითხარით. გვარამიას საქმეზე პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატი გამოდიოდა, იურისტი იყო სხვათა შორის და ამბობდა, რომ რაშიც ნიკა გვარამიას დასდეს მსჯავრი, რომ მივყვეთ, ყველა დეპუტატები არიან პასუხისგებაში მისაცემიო. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს იმ თემაზე, რაზეც იყო მოცემული საქმე. რომ ვუსმენდი პროკურორს, რომელიც გამოდიოდა ტელევიზიით, აბსოლუტურად სხვა ბრალდებაზე არის საუბარი და სხვა ბრალდებასთან დაკავშირებით საუბრობენ შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ“, – განაცხადა მურუსიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა მოსამართლეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. მურუსიძის განცხადებით, საქმის მოსამართლეებზე აშშ-ის საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ არაკომპეტენტურები იყვნენ.

„ამ საქმეზე წაკითხული მაქვს საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელთან დაკავშირებითაც საელჩოს წარმომადგენლები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურა, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს მოსამართლეები, რომლებიც იხილავენ საქმეს, არიან არაკომპეტენტურები და პირდაპირ მიდიოდა სასამართლო სისტემის ბულინგი. ამაში ჩართული იყო საელჩოებიც, ევროპარლამენტარებიც. ამასთან დაკავშირებით იღებებდნენ რეზოლუციებს, რომ იზღუდება სიტყვის თავისუფლება და ა.შ.

სტრასბურგის სასამართლომ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არის ყველაზე კომპეტენტური ორგანო, დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა „რუსთავი 2“-ის საქმეზე შიდა სასამართლოების მხრიდან, იყო აბსოლუტურად სწორი. აქედან გამომდინარე, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღვნიშნო, ის ევროპარლამენტარები, საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ლანძღავდნენ მოსამართლეებს, კი არ აკრიტიკებდნენ, შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ ისინი ლანძღავდნენ, აბულინგებდნენ, ტალახს ესროდნენ. მე მაძლევს ეს საფუძველს, ვთქვა, რომ ისინი სჩადიოდნენ ისეთ ქმედებას, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობას, არც ზნეობას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...