Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გახსნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს.

„საერთოდ, დილით 8 საათზე იხსნება ხიდი და უკვე ამ დროიდან იყო ხალხის რიგი. ყველას ზუგდიდში უნდოდა წასვლა, მაგრამ 10 საათამდე გვალოდინეს. მგონია, რომ ბრძანებას ელოდებოდნენ. თვითონაც არ იცოდნენ, რა ექნათ. შაბათი-კვირას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა გადაწყვეტილება ჰქონდა „მთავრობას“. როგორც კი დაურეკეს, მოგვცეს წასვლის უფლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდის გავლით გადმოკვეთა.

საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა დაგვიდასტურა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა 7 აპრილს, დილიდან შეზღუდა. საბერიო-ფახულანის „გამშვები პუნქტის“ გავლით მიმოსვლა ორივე მხრიდან აიკრძალა, ენგურის ხიდის გავლით კი, გადაადგილება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც სამეგრელოს რეგიონიდან ბრუნდებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაწყვეტილების მიზეზი არავის განუმარტავს.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედიით 7 აპრილს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განმარტება, რომ მიზეზი „საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციაა“. კონკრეტულად რა იგულისხმებოდა, ამ შეტყობინებიდან არ ჩანდა. ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებთა ნაწილმა აკრძალვა დაუკავშირა თბილისში, 9 აპრილის საპროტესტო აქციას.

8 აპრილს გამოქვეყნდა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს, თბილისში დანიშნულ აქციაში მონაწილეობისთვის „მასობრივად“ ხდება „აფხაზეთიდან ე.წ. დევნილების“ და გალის რაიონის მცხოვრებთა ჩართვა, ამიტომ, 7 აპრილიდან მიმოსვლა შეიზღუდა, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი „დესტრუქციულ პროცესებში“ აფხაზეთის მცხოვრებთა მონაწილეობა.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...