Jump to content
Planeta.Ge

აქცია მცხეთის მერიასთან: ჯიღაურაში ცემენტის ქარხნის დემონტაჟს ითხოვენ


დღეს, 8 აპრილს, მცხეთის მერიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯიღაურაში უკანონო ცემენტის ქარხნის დემონტაჟს ითხოვენ.

უკანონო ცემენტის ქარხანა საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში დგას, რომელიც ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ძვირადღირებულ სააგარაკე სივრცედ იქცა.

ქარხანა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველს ეკუთვნის, წესით, ახლა არ უნდა მუშაობდეს, რადგან მცხეთის მერიამ მფლობელს ობიექტის დემონტაჟი დაავალა. თუმცა მმართველი პარტიის შემწირველმა მფლობელმა საქმე სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო სასამართლომ არსებითი განხილვის დასრულებამდე დემონტაჟის გადაწყვეტილება შეაჩერა.

გასულ კვირას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა  ჯიღაურაში კიდევ ერთხელ შეამოწმა აღნიშნული საწარმო და არაერთი დარღვევა დაადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საწარმოში დამონტაჟებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა არის გაუმართავი, საიდანაც ხდება მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა, რაც ვიზუალური დაკვირვებითაც ფიქსირდება. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გადაჭარბება შესაბამისი ექსპრეს გაზომვებით დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამოა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ნეტგაზეთი წერდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...