Jump to content
Planeta.Ge

კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა — რატომ არ სჯიან არავის


7 მარტის აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს, რომელმაც ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ  რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევისას „ყველაფერი იდეალურად  იყო“, თუმცა ამ დრომდე ასაიდუმლოებს 7-9 მარტის აქციებზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას. მათ ასევე კითხვები აქვთ ზაზა ბიღიაშვილის მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

„პიროვნებებზე ნუ გადაგვყავს საქმე“

თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელმა ზაზა ბიღიაშვილმა, რომელიც 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, აქციის დაშლისას ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.

ზაზა ბიღიაშვილს იმავე ღამეს, 8 მარტს, აღმოუჩინეს გადაუდებელი დახმარება და ჩაუტარდა ოპერაცია. პირველადი დასკვნით, ბიღიაშვილს ჰქონდა თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა.

თვალის კაკლის შენარჩუნებისა და ანთებითი პროცესის შეჩერების მიზნით, ზაზა ბიღიაშვილს მეორე ოპერაცია 21 მარტს ჩაუტარდა. თუმცა, მან მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა და მისი აღდგენა შეუძლებელია. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკვეთრად შეიზღუდა ზაზა ბიღიაშვილის შრომისუნარიანობაც.

თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაინტერესებულა ზაზა ბიღიაშვილის სოციალური საჭიროებებით, არ გამოუხატავს წუხილი ან თანადგომა მისი და მისი ოჯახის მიმართ.

როგორც  ზაზა ბიღიაშვილის ცოლი მაია გორგოშიძე ნეტგაზეთს ეუბნება, მის ქმარს მხოლოდ სამსახურიდან, თბილსერვის ჯგუფიდან დაუკავშირდნენ მოიკითხეს, რამე ხომ არ სჭირდებოდა.

Untitled-design-2023-04-07T211554.398.jp

ზაზა ბიღიაშვილი და მაია გორგოშიძე

„ხომ არ ვეტყვი, რომ ბავშვის ფული მაქვს გადასახდელი. ეს ძალიან მორიდებულია და არაფრით არ ეტყვის ვინმეს, რამე მჭირდებაო, დიდ მადლობას უხდის და არავის არაფერს არ თხოვს.

მე ვმუშაობ, მაგრამ ამ სიტიუაციიდან გამომდინარე მეც ვერ ვიმუშავებ, სულ ამის საავადმყოფოში და ექიმთან წასვლა-მოსვლა გვჭირდება, უბრალოდ, წამალი აქვს დღეში 8-ჯერ ჩასაწვეთებელი და  ბავშვები ვერ იზამენ ამას. ამიტომ მე ვარ სახლში. სრულად უცხო ადამიანების დამხარების საშუალებით ეს 1 თვე გავიტანეთ თავი, საბანკო დავალიანებები იყო, კომუნალურები თუ სტუდენი შვილის სწავლის გადასახადი, პატარა შვილი კიდევ წრეებზე დადის. ასე დავფარეთ და გავიტანეთ თავი, მაგრამ ამას სისტემატიური სახე ხომ არ ექნება და ხომ უნდა ჰქონდეს თავისი სარჩო, რომ რაღაცით იარსებოს?“ — ამბობს მაია გორგოშიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ბიღიაშვილის შესახებ საჯაროდაა ცნობილი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ  მარტის აქციებზე სამართალდამცველებს ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ.

ზაზა ბღიაშვილის მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ამაზე კითხვები არსებობს.

„სისხლი არ დაიღვარა, ადამიანი არავინ არ მოკვდა. იცით, რაშია საქმე? გადავხედოთ სიტუაციას ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგაზე არ არის. პიროვნებებზე ნუ გადაგვყავს საქმე“, – ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ გამოძიებით ვერ დადგინდება, რომ ზაზა ბიღიაშვილმა დაზიანება „სავარაუდო დანაშაულის შედეგად მიიღო“,  მას დაზარალებულის სტატუსი ვერ ექნება.

„აქ საუბარია იმაზე, უკავშირდება თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება სხვა პირის მოქმედებას, მიზეზ-შედეგობრიობაზეა საუბარი, თუ ეს დადასტურდება, ამას გამოძიება მიხედავს აუცილებლად. თუ ადამიანის რაღაც ჯანმრთელობის ფუნქციის მოშლა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა პირის მოქმედებას, ამ მიზეზ-შედეგობრიობაზე თუ გავა გამოძიება და აუცილებლად უნდა გავიდეს, ამ ადამიანთან დაკავშირებით, იქნება კითხვის ნიშნები გამოძიების მხრიდან, ამას ვგულისხმობ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ზაზა ბიღიაშვილის დასახმარებლად საქმეში ამ ეტაპზევე ჩაერთო „სამართლიანი არჩევნები” და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი” (GCRT), რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ბიღიაშვილისა და მისი ოჯახისათვის  აუცილებელი სამედიცინო, საექსპერტო და სხვა მხარდამჭერი სერვისის უზრუნველყოფა.

14 მარტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დაინიშნა, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ისე „სამართლიანი არჩევნების” მიმართვის საფუძველზე.

რა მოხვდა თვალში ზაზა ბიღიაშვილს?

ზაზა ბიღიაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნისთვის მაქსიმალურ ვადად 365 დღე განსაზღვრა.

როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნეტგაზეთს უთხრეს, ზაზა ბიღიაშვილთან დაკავშირებით  დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის მოწვევას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ექსპერტიზის ვადებს ახანგრძლივებს.

„გამოყოფილი კანდიდატურების მხრიდან, ექსპერტიზაში მონაწილეობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს კვლევას. წარმოადგენს ბიუროში დადგენილი წესით თავის მოსაზრებას. შემდეგ ბიუროს სამედიცინო ექსპერტი, სხვა დანარჩენ კვლევებთან ერთად, აანალიზებს მთლიან სურათს და მხოლოდ ამის შემდეგ იწერება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს ასევე მოწვეული ექიმ-სპეციალისტი.

ასევე, ექსპერტიზის წარმოების პროცესში, დამნიშნავს შესაძლოა, გაუჩნდეს დამატებითი კითხვები, რაც იწვევს დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობას. სწორედ ეს პროცესები ახანგრძლივებს ექსპერტიზას და დამოკიდებულია მოწვეულ სპეციალისტებზე და ექსპერტიზის პროცესში გაჩენილ დამატებით კითხვებზე“, – აცხადებენ სამხარაულის ბიუროში.

პარალელურად, ზაზა ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების ხარისხის შესაფასებლად „სამართლიანმა არჩევნებმა” ალტერნატიულ დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართა.

როგორც წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით, ზაზა ბიღიაშვილს თვალში ცრემლსადენი გაზის კაფსულა მოხვდა.

„ამას აღწერს ზუსტად ექსპერტიზა, თუ რა ტიპის ნივთიერება მოხვდა, რა კუთხით და ა.შ.  დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, იმ კვირის დასაწყისში გვექნება პასუხი. თუმცა, პირველადი მონაცემით, ცხადია, რომ მას ცრემლსადენი გაზის კაფსულა მოხვდა თვალში“,  – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

7 მარტს მომხდარს იხსენებს თავად ზაზა ბიღიაშვილიც  და ამბობს, რომ მან დაზიანება მაშინ მიიღო, როცა სპეცრაზმელთა მხრიდან გასროლა მოხდა.

„ცრემლსადენ გაზსს რომ უშვებს, მე მგონია,  ეგ იყო. ფაქტია, რომ მე მოსწავლე -ახალგაზრდობის შენობის მხარეს ვიდექი და ზემოდან, სპეცრაზმის უკნიდან ისროლეს. გასროლა და მოხვედრა ერთი იყო, რომ ჩავიკუზე, იმის მერე 3-4 გასროლა კიდევ იყო. შემდეგ წამიყვანეს და ჩამსვეს სასწრაფოს მანქანაში და გადამიყვანეს სასწრაფოში.

გამოვრიცხავ, რომ [აქციის მონაწილეებისგან მომხვედროდა თვალში რამე], რადგან ისინი ჩემს ზურგს უკან იყვნენ და მე  ვიდექი გვერდულად და ზემოდან იყო ნასროლი“, – ამბობს ზაზა ბიღიაშვილი.

ლელა ცისკარიშვილის თქმით, გაზის კაფსულები აქციაზე მომიტინგეებს ვერ ექნებოდათ, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, რომ სრულად აგოს პასუხი ზაზა ბიღიაშვილისთვის დაზიანების მიყენების გამო.

Untitled-design-2023-04-07T211812.369.jp

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი

„[ხელისუფლების]აქცენტიც არასწორია ანუ დაზიანებული იქნა სახელმწიფოს მხრიდან. სულ რომ არ გამქრალიყო მხედველობა ბოლომდე და უკეთესი გამოსავალი ყოფილიყო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს დაზიანება არ მოხდა. ძალიან არასწორად გადადის აქცენტები.

ჩვენი ამოცანაა, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება და სახელმწიფო, სრულად აანაზღაუროს მორალური და მატერიალური ზარალი, რაც მიადგა ბატონ ზაზას სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად. იქ გაზის კაფსულები მომიტინგეებს არ ჰქონდათ, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმს და პოლიციას ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, რომ სრულად აგონ ამაზე პასუხი და სრული რეპარაცია მოხდეს“, – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ლელა ხათრიძე, რომელიც ზაზა ბიღიაშვილის ადვოკატია, ამბობს, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოძიებამ უნდა დადგინოს, თუმცა ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გაწყვიტოს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს ბრალეულობა და მას შემდეგ, რაც დაზიანების ხარისხის სრულად განისაზღვრება და დადგინდება შრომისუნარიანობის რა დონის შეზღუდვასთან აქვთ საქმე, ზაზა ბიღიაშვილის უფლებადამცველები განვსაზღვრავენ რა იქნება სამართლებრივი მოთხოვნა სახელმწიფოს წინაშე.

„არ გვიკვირს ასეთი მიდგომა. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა. თუ იტყვის, რომ მე გადავაჭარბე ძალას და ისე გამოვიყენე სპეციალური საშუალებები, რომ ადამიანი დავაზიანე, ბუნებრივია, პირდაპირ აღიარება იქნება იმ ვალდებულებების, რაც შემდეგ შესასრულებელი ექნებათ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერი რიტორიკით ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, მაგრამ იმდენად აშკარაა ამ საქმეში გარემოებები, რომ მეეჭვება, ეს ვინმეს გამოუვიდეს“, – ამბობს ლელა ხათრიძე.

Untitled-design-2023-04-07T211939.549.jp

ლელა ხათრიძე

როგორც ლელა ხათრიძე ამბობს, სანამ ზაზა ბიღიაშვილს დაზარალებულად არ ცნობენ, მანამდე მის უფლებადამცველებს წვდომა არც საქმის მასალებთან აქვთ.

„ჩვენ გვჭირდება საქმის მასალებთან წვდომა, რომ გავიგოთ რას აკეთებს საგამოძიებო სამსახური, რა ეტაპზეა გამოძიება, აქვს თუ არა წინსვლა და რეალურად დამოუკიდებელია თუ არა და აქვთ თუ არა მართლა სურვილი, რომ გამოძიებით დაადგინოს სავარაუდო დამნაშავე პირები, რომელთაც სასამართლოში წარადგენს“, – ამბობს ლელა ხათრიძე.

მოქმედებს თუ არა სახელმწიფო შერჩევითად?

როცა საქმე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგომას ეხება, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მხოლოდ თავიანთი „კომპეტენციის“ ფარგელბში ისაუბრონ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილს არალოგიკურად მიაჩნია ზაზა ბიღიაშვილის საქმის მსვლელობაზე კომენტარი გააკეთოს.

„ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ გააკეთებს კომენტარს იმ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს კომპეტენციას ცდება. ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური, ჩვენ ვაკეთოთ კომენტარი რაიმე სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს შესაბამისი უწყება და თუ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან, ამის მიხედვით მათ სამართლებრივი სივრცე.

სახელმწიფოს კონკრეტული უწყება მოქმედებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის ვალდებულება, რომ ყველა კონკრეტულმა სახელისუფლებო შტომ ამის მიხედვით იმოქმედოს. ამას გააკეთებს შსს, ასე იმოქმედებს საქართველოს პროკურატურა იმიტომ, რომ ეს არის ვალდებულება. მე ვიღაცის ჭორაობაში ვერ შევალ. ვის როგორ რა წარმოუდგენია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თუმცა განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენელბს იმ სამოქალაქო პირების მიმართ, რომლებიც აქციების დროს დააკავეს.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, სახელმწიფოს ნება შერჩევითი ჩანს და აქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების ეფექტურად წარსამართად ინტერესსა და პოლიტიკურ ნებას მაშინ იჩენენ, როცა საქმე სამოქალაქო პირების ბრალეულობას შეეხება.

Untitled-design-2022-01-14T150935.573.pn

ნინო დოლიძე

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს  მხრიდან ამ ინტერესს და პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით საქმე წინ წავიდეს. ამის ნაცვლად ვხედავთ მხოლოდ იმ ნაწილში, როდესაც მოქალაქეების მხრიდან იყო რაიმე დაზიანება და  ძალადობრივი ქმედება. ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ამ გამოძიების ეფექტურად წარმართვა, იმიტომ, რომ ვნახეთ, რომ აქციაზე ადამიანები დაზარალადნნე და ბატონმა ზაზამ თვალი დაკარგა. ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება არც სათანადო შეფასება და არც პოლიტიკური ნებაა, რომ ამ მიმართულებით წარიმართოს საქმე და მოხდეს აღიარება, რომ რეალურად იყო პრობლემები, ძალის გადამეტება და ადამიანმა დაკარგა თვალი.

სხვა აქციებზეც გვინახავს  მსგავსი და რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესიც ეს არის, რომ ერთი მხრივ, მოქალაქეებსაც დავანახოთ რეალურად რა მდგომარეობა, მეორე მხრივ მოვუწოდოთ სახელმწიფო უწყებებს, რომ გამოიძიონ ეს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების მცდელობები“, – ამბობს ნინო დოლიძე.




ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...