Jump to content
Planeta.Ge

პარტია "საქართველოსთვის" სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს განცხადებით ეხმაურება


პარტია "საქართველოსთვის" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


"პარტია "საქართველოსთვის" სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს. ასევე გვსურს, სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სოფელ ჯიღაურაში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა, ჯიღაურაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართა და მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას. საქართველოს პარლამენტის წევრის მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა კერესელიძის სახელით გავუგზავნეთ შუამდგომლობის წერილები, რათა დეტალურად დაინტერესდნენ და შეისწავლონ ხსენებული საკითხი, თუ რატომ ხდებოდა და როგორ ფუნქციონირებდა წელიწადნახევრის განმავლობაში ყოვლად უკანონო და ნებართვის არ მქონე ბეტონის საწარმო ტურისტულად აქტიურ ზონაში და მოსახლეობის განსახლების კუთხით მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე და როგორ ახერხებდა უნებართვოდ მოქმედი საწარმო, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ერთი წლის განმავლობაში, რატომ ვერ გახდა შესაძლებელი ერთხელ მაინც, სასამართლოს სხდომის ჩატარება და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
უდავოდ სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ამ უკანონობას სანამ მოსახლეობის მხრიდან დიდი პროტესტი არ მოჰყვა წელიწადნახევრის განმავლობაში, არანაირი რეაგირება არ ქონია და მხოლოდ მოსახლეობის დიდი მღელვარების შემდეგ გახდა შესაძლებელი სხვა და სხვა უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირების გაკეთება.
ყოველივე აღნიშნული გვაძლევს მტკიცე საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან და სამოხელეო დანაშაულთან.
მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაინტერესდნენ სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს არალეგიტიმური საქმიანობით და მიიღონ კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები, რათა ჯიღაურას მოსახლეობას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიეცეთ უფლება იცხოვრონ ჯანმრთელ გარემოში და თავიდან აიცილონ საწარმოს მავნე გამონაბოლქვის შედეგად გამოწვეული დავადებები.
პარტია ,,საქართველოსთვის" მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მსგავსი პრობლემების გამოვლენასა და მოგვარების საქმეში. #ჯანსაღიგარემოსთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...